Eleos

Contents

თავი - 11

Previous
1წამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა გალაადის იაბეშს. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.
2უთხრა ნახაშ ყამონელმა: ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელს ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.
3უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: შვიდი დღე გვაცალე, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელს ისრაელში, და თუ არავინ შეგვეწია, გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ.
4მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი.
5აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოჰყვება ყანიდან. იკითხა საულმა: რა ატირებს ხალხს? ამცნეს იაბეშელთა ნათქვამი.
6ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.
7ადგა და აკუწა ორივე ხარი და მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, შეუთვალა: ვინც საულს და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს. უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდნენ როგორც ერთი კაცი.
8აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელიანი სამასი ათასი იყო, იუდას ხალხი - ოცდაათი ათასი.
9უთხრეს მოსულ მოციქულებს: ასე უთხარით გალაადის იაბეშის ხალხს: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, მოგევლინებათ ხსნა. მივიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელებს. მათაც გაიხარეს.
10შეუთვალეს იაბეშელებმა ყამონელებს: ხვალ გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ და გვიყავით, რაც გენებოთ.
11მეორე დღეს სამ რაზმად გაჰყო საულმა ხალხი. დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი.
12უთხრა ხალხმა სამუელს: ვინ ამბობდა, ნუთუ საულმა უნდა იმეფოსო ჩვენზე? მოგვეცი ის ხალხი, რომ დავხოცოთ.
13უთხრა საულმა: ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში.
14უთხრა სამუელმა ხალხს: წამოდით, წავიდეთ გილგალში და განვაახლოთ იქ მეფობა.
15წავიდა მთელი ხალხი გილგალს და გაამეფეს საული უფლის წინაშე იქ, გილგალში. შესწირეს იქ სამადლობელი მსხვერპლი უფლის წინაშე და ძლიერ გაიხარეს იქ საულმა და ყველა ისრაელიანმა.
Next