Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1უთხრა სამუელმა მთელს ისრაელს: აჰა, ყველაფერი მოგისმინეთ, რასაც მოითხოვდით ჩემგან და დაგისვით მეფე.
2ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ; მე მოვხუცდი და გავთეთრდი. აქ არიან ჩემი შვილებიც თქვენთან ერთად. სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.
3აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებიოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.
4უთხრეს: არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგრივართ, არც ვინმესაგან რამე აგიღია.
5კვლავ უთხრა მათ: უფალი იყოს მოწმე თქვენს შორის და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში. უთხრეს: მოწმე იყოს!
6უთხრა სამუელმა ხალხს: ჰო, უფალი, რომელმაც მოსე და აარონი დაადგინა, რომელმაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტელთა ქვეყნიდან გამოიყვანა.
7ახლა დადექით, რომ განგსაჯოთ უფლის წინაშე ყველა სიკეთის გამო, რაც გიყოთ უფალმა თქვენ და თქვენს მამა-პაპას.
8როცა იაკობი მივიდა ეგვიპტეში, შეჰღაღადა თქვენმა მამა-პაპამ უფალს და მოავლინა უფალმა მოსე და აარონი. მათ გამოიყვანეს თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან და ამ ადგილზე დაასახლეს.
9მაგრამ დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა სისარას, ხაცორის მხედართმთავარს, ფილისტიმელებს და მოაბელთა მეფეს, რომელნიც ებრძოდნენ მათ.
10შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: შევცოდეთ, რადგან განვუდექით უფალს და ვემსახურებოდით ბაალებსა და აშთორეთებს. ახლა გვიხსენი მტრების ხელთაგან და გემსახურებით.
11მოავლინა უფალმა იერობაალი, ბადანი, იფთახი და სამუელი; ისინი გიფარავდნენ გარეშემო მტრებისგან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად.
12დაინახეთ, რომ ყამონელთა მეფე ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ და მითხარით: არა, მეფემ იმეფოს ჩვენზე! თქვენი მეფე კი უფალია, ღმერთი თქვენი.
13ამიერიდან, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით, აჰა, დაგისვათ უფალმა მეფე.
14თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ აღუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.
15თუ არ შეისმენთ უფლის სიტყვას და წინ აღუდგებით უფლის ნაბრძანებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამა-პაპის წინააღმდეგ იყო.
16ახლაც დადექით და შეხედეთ ამ დიდ საქმეს, რასაც უფალი აღასრულებს თქვენს თვალწინ.
17ხომ პურის მკის დრო არის ახლა? შევსთხოვ უფალს და მოავლენს იგი ჭექა-ქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე რომ ჩაიდინეთ, როცა მეფე მოითხოვეთ.
18შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.
19უთხრა ხალხმა სამუელს: შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მორჩილთა გულისათვის, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ.
20უთხრა სამუელმა ხალხს: ნუ გეშინიათ, უკვე ჩადენილი გაქვთ მთელი ეს ბოროტება. ოღონდ ნუღარ განუდგებით უფალს და მთელი გულით ემსახურეთ.
21ნუ გაიწევთ ფუჭი ღმერთებისკენ, არ დაგიფარავენ და არ გიხსნიან, რადგან ფუჭნი არიან.
22უფალი კი არ დააგდებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან გადაწყვეტილი აქვს უფალს, რომ თავის ერად გაგხადოთ თქვენ.
23მე კი, ნუმც შევცოდო უფალს, ნუმც შევწყვიტო თქვენს გამო ვედრება. დაგაყენებთ სასიკეთო და ჭეშმარიტ გზაზე.
24ოღონდ უფლის გეშინოდეთ და ემსახურეთ წრფელად და მთელი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის.
25თუ ბოროტად მოიქცევით, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც.
Next