Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1გავიდა ერთი წელი საულის გამეფებიდან და უკვე ორი წელი მეფობდა ისრაელზე.
2გამოარჩია საულმა თავისთვის ისრაელში სამი ათასი კაცი; ორიათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთილის მთაზე, ათასი კაცი კი იონათანთან ბენიამინის გიბყაში. დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაისტუმრა.
3იონათანმა დაამარცხა ფილისტიმელთა რაზმი, რომელიც გიბყაში იდგა, და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. საულმა ბუკს დააყვირებინა მთელს ქვეყანაში და გამოაცხადა: გაიგონონ ებრაელებმა!
4გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ დაამარცხა საულმა ფილისტიმელთა სარდალი და რომ მტრად მოეკიდა ისრაელი ფილისტიმელებს, და შეიყარა ხალხი საულთან გილგალში.
5ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად. ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი. წამოვიდნენ და მიქმასში, ბეთ-ავენის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ.
6დაინახეს ისრაელიანებმა, რომ გაუჭირდათ, რომ გაწვალდა ხალხი, და სათითაოდ მიიმალნენ გამოქვაბულებში, ეკალ-ბარდებში, კლდის ნაპრალებში, კოშკებში თუ ორმოებში.
7ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა გადავიდა გადისა და გალაადის მხარეში. საული კი ჯერ ისევ გილგალში იყო და დამფრთხალი ხალხი მისკენ გარბოდა.
8შვიდ დღეს იცადა მან, როგორც დაუთქვა სამუელმა, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში. ხალხი კი ეფანტებოდა.
9თქვა საულმა: მომიყვანეთო აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. და აღავლინა აღსავლენი.
10როცა გაასრულა აღსავლენის აღვლენა, სამუელიც მოვიდა. გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად.
11უთხრა სამუელმა: რა გააკეთე? მიუგო საულმა: დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროს. ფილისტიმელები კი მიქმაშში არიან შეკრებილნი.
12ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს, თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე აღსავლენი მსხვერპლი.
13უთხრა სამეულმა საულს: უგუნურად მოიქეცი, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ნაბრძანები. ეს რომ არ გექნა, სამარადისოდ განამტკიცებდა უფალი შენს მეფობას ისრაელზე.
14ამიერიდან ვეღარ იმყარებს შენი მეფობა. გამოძებნის უფალი თავის სასურველ კაცს და თავისი ერის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი შენ არ დაიცავი, რაც ნანაბრძანები ჰქონდა შენთვის უფალს.
15ადგა სამუელი და წავიდა გილგალიდან ბენიამინის გიბყაში. დათვალა საულმა თავისთან მყოფი ხალხი - ექვსასამდე კაცი.
16საული და მისი ვაჟი იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში დადგნენ. ფილისტიმელები კი მიქმაშში დაბანაკდნენ.
17გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან სამი მარბიელი რაზმი; ერთი ყოფრას გზაზე გაემართა, ბუყალის ქვეყნისკენ.
18მეორე რაზმი ბეთ-ხორონის გზას დაადგა, მესამე კი ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას, უდაბნოზე რომ გადის.
19მჭედელი არ მოიძებნა მთელს ისრაელში, რადგან გაწყვიტეს ფილისტიმელებმა, რომ არც მახვილი, არც შუბი არ ეკეთებინათ ებრაელებს.
20ჩადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელებთან სახნისების, თოხების, ცულებისა და ნამგლების მოსაპირავად,
21როცა დაუბლაგვდებოდა პირი სახნისებს, თოხებს, ფიწლებს, ცულებს, ან თუ დეზები იქნებოდა გასამართავი.
22როცა ბრძოლის დრო დადგა, არ აღმოაჩნდათ სალისა და იონათანის თანამდგომ ხალხს მახვილები დ შუბები. მხოლოდ საულს და მის ვაჟს, იონათანს აღმოაჩნდათ.
23გაემართნენ ფილისტიმელთა მოწინავენი მიქმაშის ვიწროებისკენ.
Next