თავი - 14
Previous1უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: წამო, გავიდეთ ფილისტიმელთა საყარაულოსთან, იქითა მხარეს რომ არის. მამისთვის არაფერი უთქვამს.
2საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ახლდა ხალხი - ექვსასამდე კაცი,
3მათ შორის ახია, ძე ახიტუბისა, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ელის ძისა, სილოამში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
4იმ ვიწროებში, საიდანაც უნდოდა იონათანს ფილისტიმელთა მოწინავე რაზმთან გასვლა, ერთ მხარესაგ კლდის შვერილი იყო და მეორე მხარესაც; ერთის სახელი - ბოცეცი, მეორისა - სენე.
5ერთი შვერილი ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშის გასწვრივ, მეორე - სამხრეთიდან, გაბაყის გასწვრივ.
6უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტირთველს: წამო, გავიდეთ მაგ წინდაუცვეთელთა საყარაულოსთან. ეგების გაგვამარჯვებინოს უფალმა, რადგან უფლისათვის არ არის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი.
7მიუგო მისმა საჭურველთმტვირთველმა: გააკეთე, რაც გულში გაქვს. მიდი და, აჰა, მეც შენთანა ვარ შენი გულივით.
8თქვა იონათანმა: აჰა, მე გავალ მაგ ხალხთან და დავენახვები მათ.
9თუ ასე გვეტყვიან: შეიცადეთ, ვიდრე ჩვენ თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ ჩვენს ადგილზე და ნუ ავალთ მათთან.
10თუ ასე გვეტყვიან: ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია ისინი უფალს. ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი.
11დაენახნენ ორივენი ფილისტიმელთა ყარაულს და იქვეს ფილისტიმელებმა: აჰა, ებრაელები გამოდიან ხერიდან, სადაც იმალებოდნენ.
12გაეხმიანენ მოყარაულენი იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: მოდით ჩვენთან და გაგაგებინებთ ამბავს. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: მომყევი, რადგან ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს.
13ფორთხვით ავიდა ზევით იონათანი, უკან მისი საჭურველთმტვირთველი მიჰყვა; ეცემოდნენ იონათანის წინაშე, მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან ხოცავდა მათ.
14ეს პირველი შეტაკება იყო, რომლის დროსაც ოცამდე კაცს გაავლეს მუსრი იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
15შიშის ზარმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი საყარაულო. თვით მარბიელიც კი შეძრწუნდა. იძრა მიწა და გარდამოვიდა ღვთის ზარი.
16დაინახეს საულის მოთვალთვალეებმა ბენიამინის გიბყადან, რომ იფანტება ჯარი და აქეთ-იქით აწყდება.
17უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: მოათვალიერეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენიანებიდან. მოათვალიერეს და, აჰა, არც იონათანი ჩანს და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
18უთხრა საულმა ახიას: მოიტანე ღვთის კიდობანი. რდგან ისრაელიანებთან იყო იმ დღეს ღვთის კიდობანი.
19ვიდრე მღვდელს ელაპარაკებოდა საული, კიდევ უფრო იმატა აურზაურმა ფილისტიმელთა ბანაკში. უთხრა საულმა მღვდელს: დაუშვი ხელი.
20დასცეს ყიჟინა საულმა და მასთან მყოფმა მთელმა ხალხმა და მოიჭრნენ ბრძოლის ადგილზე. აჰა, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა და შეიქნა მეტისმეტი არეულობა.
21ებრაელები, ადრე რომ ფილისტიმელებთან იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, ახლა ისრაელიანებს შეუერთდნენ, რომელნიც თან ახლდნენ საულსა და იონათანს.
22ეფრემის მთებში მიმალულმა ყველა ისრაელიანმა გაიგო ფილისტიმელების უკუქცევა და ისინიც გაჰყვნენ მათ ბრძოლაში.
23იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი. ბეთ-ავენს გადასწვდა ბრძოლა.
24გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე. და ხალხსაც პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის.
25მთელი ხალხი ტყეში წავიდა, და აჰა, თაფლი დევს მიწაზე.
26შევიდა ხალხი ტყეში და, აჰა, თაფლის ღვარია, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
27არ ჰქონდა გაგებული იონათანს, რომ დააფიცა მამამისმა ხალხი. გაიწოდა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო მისი წვერი გოლეულში და პირთან მიიტანა ხელი, და გაუნათდა თვალები.
28მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი, წყეულიმც იყოს, ვინც პური ჭამოსო დღეს. ამიტომაც დაიქანცა ხალხი.
29თქვა იონათანმა: გააწამა მამაჩემმა ქვეყანა. ხომ ხედავთ, თვალები გამინათდა, როგორც კი ეს თაფლი ვიგემე.
30რა იქნებოდა, დღეს რამე ეჭამა ხალხს იმ ნადავლიდან, მტერს რომ დააგდებინა? უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მარცხი?
31დაამარცხეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე და დაიქანცა ხალხი.
32მივარდა ხალხი ნადავლს, გამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დახოცა ისინი მიწაზე. სისხლითურთ ჭამდა ხალხი.
33შეატყობინეს საულს: აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს. თქვა: ფიცი გაქვთ გატეხილი. ახლა მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი.
34თქვა საულმა: გადით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თითო ხარი და თითო ცხვარი, აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს, სისხლიანად ნუ ჭამთ. მიჰყავდა ყველას თავისი ხარი ღამით და კლავდა იქ.
35აუგო საულმა სამსხვერპლო უფალს. ამით დაიწყო უფლისთვის სამსხვერპლოების შენება.
36თქვა საულმა: დავეცეთ ფილისტიმელებს ამ ღამით და გათენებამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს. უთხრეს: როგორც გენებოს, ისე მოიქეცი. თქვა მღვდელმა: მივმართოთ აქ ღმერთს.
37დაეკითხა საული ღმერთს: დავეცე ფილისტიმელებს თუ ჩაუგდებ მათ ისრაელის ხელში? პასუხი არ გაუცია იმ დღეს.
38თქვა საულმა: აქ მოდით, ერის თავკაცებო, და გაარკვიეთ, რა ცოდვა იყო დღეს ჩადენილი.
39რადგან, ვფიცავ უფალს, ისრაელის მხსნელს, თუ ჩემს ძეს იონათანს აწევს ცოდვა, სიკვდილი არ ასცდება. პასუხი არვის გაუცია ხალხიდან.
40უთხრა მთელს ისრაელს: თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი მეორე მხარეს ვიქნებით. მიუგო ხალხმა: როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.
41უთხრა საულმა უფალს: ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო? დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებული იქნა.
42თქვა საულმა: წილი გვიყარეო მე და ჩემს ძეს იონათანს. და დაკავდა იონათანი.
43უთხრა საულმა იონათანს: გამომიტყდი, რა ჩაიდინე? გამოუტყდა იონათანი და უთხრა: ჩემი ჯოხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, ცოტაოდენი თაფლი ვიგემე. აჰა, მზადა ვარ სასიკვდილოდ.
44თქვა საულმა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან!
45უთხრა ხალხმა საულს: ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, რომ ერთი ღერი თმაც არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა დღეს იგი. ასე იხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
46გაეცალა საული ფილისტიმელებს და დაბრუნდნენ ფილისტიმელები თავიანთ ადგილზე.
47იპყრა საულმა მეფობა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს - მოაბს, ყამონიანებს, ედომს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და, საითკენაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
48შექმნა ლაშქარი და დაამარცხა ყამალეკი, და იხსნა ისრაელი მძარცველებისგან.
49საულის ვაჟები იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშიყაყი; მის ორ ასულს ერქვა: პირმშოს - მერაბი, უმცროსს - მიქალი.
50საულის ცოლი იყო ახინოყაბი, ახიმაყაცის ასული; მისი მხედართმთავარი - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
51კიში, საულის მამა, და ნერი, აბნერის მამა, აბიელის შვილები იყვნენ.
52სასტიკი ბრძოლები იყო ფილისტიმელებთან საულის დროს. მონახავდა საული მაგარსა და გულად ვაჟკაცს და თავისთან მიჰყავდა.
Next