Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1უთხრა სამუელმა საულს: უფალმა გამომგზავნა, რომ მეცხე ისრაელის, ჩემი ერის, მეფედ. ახლა ისმინე უფლის სიტყვები.
2ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე მახსოვს, როგორ ექცეოდა ისრაელს ყამალეკი, როგორ აბრკოლებდა გზაზე ეგვიპტიდან გამომავალს.
3ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი.
4შეჰყარა საულმა ხალხი და დათვალა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი, მათ შორის ათი ათასი იუდაელი.
5მოადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა.
6უთხრა საულმა კენიელებს: ადექით და განუდექით, გაშორდით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენარ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისთვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა. განუდგნენ კენიელები ყამალეკს.
7შემუსრა საულმა ყამალეკი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ რომ არის.
8ცოცხლად შეიპყრო აგაგი, ყამალეკის მეფე, მთელი ხალხი კი მახვილით გაანადგურა.
9დაინდეს საულმა და ლაშქარმა აგაგი და საუკეთესი ცხვარ-ძროხა, საკვები, ბაღ-ვენახები და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო და რისი განადგურებაც არ მოინდომეს. ყველაფერი უვარგისი და ცუდი კი გაანადგურეს.
10იყო უფლის სიტყვა სამუელის მიმართ:
11ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს. შეწუხდა სამუელი და მთელი ღამე უხმობდა უფალს.
12ადგა დილაადრიანად სამუელი, რომ შეხვედროდა საულს. შეატყობინეს სამუელს, რომ საული ქარმელში ყოფილა, იქ სვეტი აღუმართავს თავისთვის და, იქიდან გამობრუნებული, გილგალში ჩასულა.
13მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: კერთხეული ხარ უფლისაგან! აღვასრულე უფლის სიტყვა.
14უთხრა სამუელმა: რა არს, ცხვრისა და ძროხის ბღავილი რომ მესმის?
15მიუგო საულმა: ყამალეკისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ლაშქარმა საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ უფლის, შენი ღმერთისთვის, შეეწირა. დანარჩენი გავანადგურეთ.
16უთხრა სამუელმა საულს: მათქმევინე, რა გამომიცხადა უფალმა წუხელ. მიუგო: თქვი.
17თქვა სამუელმა: ხომ არ გეღირსებოდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა.
18დაგაყენა გზაზე უფალმა და გითხრა: წადი და გაანადგურე ცოდვილი ყამალეკი, ებრძოლე მას, ვიდრე არ მოუღებ ბოლოს.
19რატომ არ ისმინე უფლის სიტყვა, რატომ დახარბდი ნადავლს და ჩაიდინე ბოროტება უფლის თვალში?
20უთხრა საულმა სამუელს: არა, მე გავიგონე უფლის სიტყვა და წავედი იმ გზით, რაზედაც დამაყენა უფალმა; მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკი გავანადგურე.
21ლაშქარმა აიღო ნადავლიდან ცხვარი და ძროხა - დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლის, შენი ღმერთისათვის შეეწირა მსხვერპლად გილგალში.
22უთხრა სამუელმა: განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება - ცხვრების ლურთებზე.
23რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.
24უთხრა საულმა სამუელს: შევცოდე, რომ გადავედი უფლის ბრძანებას და შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას.
25ახლა შემინდე ცოდვა და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს.
26უთხრა სამუელმა საულს: არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ.
27შეტრიალდა სამუელი წასასვლელად და მოეჭიდა საული მის მოსასხამის კალთას და გაიგლიჯა კალთა.
28უთხრა მას სამუელმა: გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს.
29არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი ხომ არ არის, რომ გადაიფიქროს.
30თქვა საულმა: შევცოდე. ახლა ჩემი ერის უხუცესების და ისრაელის წინაშე მაინც მომაგე პატივი და წამომყევი, რომ თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს.
31წაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს.
32თქვა სამუელმა: მომიყვანეთ აგაგი, ყამალეკის მეფე. მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი და იფიქრა აგაგმა: ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილი.
33თქვა სამუელმა: როგორც უშვილო ქმნა შენმა მახვილმა დედაკაცები, ასევე უშვილო იქნება დედაშენი ქალთა შორის და აჩეხა სამუელმა აგაგი გილგალში უფლის წინაშე.
34გაბრუნდა სამუელი რამათს, საული კი თავის სახლში, საულის გიბყაში წავიდა.
35აღარ უნახავს სამუელს საული სიკვდილის დღემდე, მაგრამ სწუხდა სამუელი საულზე. ინანა უფალმა საული რომ გაამეფა ისრაელში.
Next