Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.
2თქვა სამუელმა: როგორ წავიდე? გაიგებს საული და მომკლავს. უთხრა უფალმა: წაიყვანე ხბო შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო.
3მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო; ზეთს სცხებ მას, ვისზედაც გეტყვი.
4ყველაფერი გააკეთა სამუელმა, რაც ბრძანა უფალმა და წავიდა ბეთლემს. პატივით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: მშვიდობით მოგვიხვედი.
5მიუგო სამუელმა: მშვიდობა! მსხვერპლის შესაწირავად მოვედი. განიწმიდენით და მსხვერპლთან წამომყევით. განწმიდა სამუელმა იესე და მისი ვაჟები და მსხვერპლთან მიიწვია ისინი.
6როცა მოვიდნენ, დაინახა სამუელმა ელიაბი და თქვა: აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული.
7უთხრა უფალმა სამუელს: ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს.
8დაუძახა იესემ აბინადაბს და სამუელის წინ ჩაატარა იგი. თქვა სამუელმა: არც ეს აურჩევია უფალს.
9ჩამოატარა იესემ შამა და თქვა სამუელმა: არც ეს ამოურჩევია უფალს.
10ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ვაჟიშვილი სამუელის წინ და უთხრა სამუელმა იესეს: არ აურჩევია ესენი უფალს.
11უთხრა სამუელმა იესეს: სულ ეს არიან შენი ყმაწვილები? მიუგო: კიდევ დარჩა უმცროსი, მაგრამ ცხვარშია ახლა. უთხრა სამუელმა იესეს: გაგზავნე კაცი და მოაყვანინე, რადგან არ დავსხდებით, ვიდრე აქ არ მოვა იგი.
12გაგზავნა კაცი და მოაყვანინა. წითური იყო, თვალადი და ლამაზი შესახედავი. თქვა უფალმა: ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.
13აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
14განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან.
15უთხრეს მისმა მორჩილებმა საულს: აჰა, ბოროტი სული ღვთისაგან გაშფოთებს შენ.
16უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მორჩილთ, მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი, და როცა შემოგაწვება ბოროტი სული ღვთისგან, დაუკრავს და შვება მოგეცემა.
17უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ კაცი, კარგად რომ უკრავდეს ქნარზე, და მომიყვანეთ.
18მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: ბეთლემელი იესეს შვილი მეგულება, იცის ქნარზე დაკვრა, ქველი და მამაცი კაცია, სიტყვაგონიერი და ლამაზი; უფალია მასთან.
19გაგზავნა საულმა მოციქულები იესესთან და დააბარა: გამომიგზავნე დავითი, შენი ვაჟი, ცხვარში რომ გყავს.
20აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, გამოიყვანა ერთი ციკანი და გაატანა დავითს, თავის შვილს, საულთან.
21მივიდა დავითი საულთან და დადგა მის წინაშე. ძალზე შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად დანიშნა.
22შეუთვალა საულმა იესეს: დარჩეს ჩემთან დავითი და იდგეს ჩემს წინაშე, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში.
23როცა კი შემოაწვებოდა ბოროტი სული ღვთისაგან საულს, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა; ამოისუნთქავდა საული, უკეთ ხდებოდა, გაეცლებოდა ბოროტი სული.
Next