Eleos

Contents

თავი - 17

Previous
1შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი; შეიკრიბნენ იუდას სოქოთში და დაიბანაკეს სოქოთსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში.
2ხოლო საული და ისრაელი შეგროვდნენ და დაბანაკდნენ მუხნარის ველზე, დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საბრძოლველად.
3ფილისტიმელები ერთი მთის ფერდობზე იდგნენ, ისრაელი მეორე მთის ფერდობზე; ხევი იყო მათ შორის.
4გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე.
5თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა, ჯაჭვის ჯავშანი ემოსა; ჯავშნის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო.
6ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა, მხარზე სპილენძის ჰოროლი ჰქონდა გადებული.
7მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო; შუბის რკინის წვერი ექვსას შეკელს იწონიდა; წინ ფარის მტვირთველი მიუძღოდა.
8მოდგა იგი და შესძახა ისრაელის რაზმებს: რატომ გამოხვედით საბრძოლველად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ ან თქვენ საულის მორჩილნი არა ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
9თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მორჩილნი გავხდებით, თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდებით მორჩილებად და გვემსახურებით.
10თქვა ფილისტიმელმა: სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი ვინმე, რომ პირისპირ შევებათ ერთმანეთს.
11გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელმა ფილისტიმელის სიტყვები, დაფრთხნენ და შეშინდნენ მეტისმეტად.
12დავითი იყო შვილი იმ ეფრათელისა, იუდას ბეთლემიდან, რომელსაც სახელად ერქვა იესე და რვა ვაჟიშვილი ჰყავდა. საულის დროს მოხუცებული იყო ეს კაცი, ხანდაზმული.
13წაჰყვა საულს ბრძოლაში იესეს სამი უფროსი ვაჟიშვილი; ომში წასული მისი ვაჟიშვილების სახელები იყო: პირმშოს ელიაბი, მომდევნოსი - ამინადაბი, მესმესი - შამა.
14დავითი კი მათზე უმცროსი იყო. წაჰყვა სამი უფროსი საულს.
15ხოლო დავითი მოდიოდა ხოლმე საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა ემწყესა მამამისის ფარა ბეთლემში.
16გამოდიოდა ის ფილისტიმელი დილით და საღამოთი და ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
17უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: აიღე ეს ერთი ეფა ქუმელი, ეს ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
18ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე; მოიკითხე ძმები და მოიტანე მათი ამბავი.
19საული, ისინი და მთელი ისრაელი მუხნარის ველზე ებრძოდნენ ფილისტიმელებს.
20დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მოყარაულეს დაუტოვა, აიკიდა ტვირთი და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა მისთვის ნაბრძანები. მიადგა ბანაკს, როცა ჯარი ირაზმებოდა და საბრძოლო ყიჟინას სცემდა.
21დაეწყვნენ რაზმებად ერთმანეთის პირისპირ ისრაელი და ფილისტიმელები.
22ჩააბარა დავითმა თავისი ტვირთი ტვირთის ყარაულს და მიაშურა რაზმს. მივიდა და მოიკითხა თავისი ძმები.
23მათთან ლაპარაკში იყო, რომ გამოვიდა ფილისტიმელთა რაზმიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, ფილისტიმელი, გათელი, და წინანდებურად იწყო ლაპარაკი. ყველაფერი მოისმინა დავითმა.
24როგორც კი დაინახეს ეს კაცი, გაიქცნენ მისგან ისრაელიანები, რადგან შეშინდნენ მეტისმეტად.
25ამბობდნენ ერთმანეთში ისრაელიანები: ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზაგებს ისრაელში.
26ჰკითხა დავითმა ახლოს მდგარ კაცებს: რა ბედი ეწევა კაცს, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოხოცავს ისრაელს? რადგან ვინ არის ეგ წინდაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ღვთის რაზმებს?
27უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: ასეთი და ასეთი ბედი ეწევაო კაცს, ვინც მას დაამარცხებს.
28გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი და განურისხდა მას ელიაბი, უთხრა: რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში? ვიცი შენი ამპარტავნებისა და შენი ავგულობის ამბავი; მხოლოდ ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული.
29თქვა დავითმა: რა გავაკეთე ისეთი? ცუდი ხომ არაფერი მითქვამს?
30სხვა მხარეს გატრიალდა მისგან და იკითხა იგივე ამბავი. იგივე უპასუხა ხალხმა, რაც სხვებმა უთხრეს.
31გაიგონეს დავითის ნათქვამი სიტყვები და მიუტანეს საულს; მანაც მოაყვანინა იგი.
32უთხრა დავითმა საულს: ნურვის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მორჩილი და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს.
33უთხრა საულმა დავითს: ვერ გახვალ საბრძოლველად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ჯერ ბავშვი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმითგანვე.
34უთხრა დავითმა საულს: მწყემსავდა შენი მორჩილი თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს,
35გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი ხოლმე. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი.
36ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მორჩილი; ამ წინდაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.
37თქვა დავითმა: უფალი, რომელიც დამიხსნიდა ხოლმე ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისგან. უთხრა საულმა დავითს: წადი, უფალი იყოს შენთან!
38შემოსა საულმა დავითი თავისი საკუთარი სამოსელით, თავზე სპილენძის მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა.
39შემოირტყა მახვილი დავითმა სამოსელს ზემოდან და იწყო სიარული, რადგან ნაჩვევი არ იყო. უთხრა დავითმა საულს: არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არა ვარ ნაჩვევი. და მოიხსნა ისინი დავითმა.
40აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა. ხელთ იპყრა შურდული და გავიდა ფილისტიმელთან.
41გამოვიდა ფილისტიმელიც და წავიდა დავითისკენ; წინ ფარისმტვირთველი მიუძღოდა.
42დაინახა ფილისტიმელმა დავითი და საცინად აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი და წითური, ლამაზი შესახედავიც.
43უთხრა ფილისტიმელმა დავითს: ძაღლი ხომ არა ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან. დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით.
44უთხრა ფილისტიმელმა დავითს: ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი.
45უთხრა დავითმა ფილისტიმელს: შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი.
46დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი და დაგამარცხებ, თავს მოგაცლი და ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველთ და მიწის ცხოველებს გადავუყრი დღეს, რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი.
47გაიგოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი და ხელში ჩაგვაგდებინებს თქვენს თავს.
48როცა აღიმართა ფილისტიმელი და მიუახლოვდა დავითს, მკვირცხლად გაიქცა დავითი რაზმისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად.
49ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი.
50სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით; დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. მახვილი არ სჭერია ხელში დავითს.
51მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს; აიღო მისი მახვილი, იშიშვლა და მოაკვდინა იგი; მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ.
52მაშინ წამოიშალნენ ისრაელისა და იუდას მებრძოლები და ყიჟინით დაედევნენ ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე. ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
53მობრუნდნენ უკან ისრაელიანები ფილისტიმელთა მდევარიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იგი იერუსალემს, ხოლო მისი საჭურველი თავის კარავში დააწყო.
55როცა დაინახა საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ გამავალი დავითი, ჰკითხა აბნერს, მხედართმთავარს: ვისი შვილია ეს ყმაწვილი, აბნერ? მიუგო აბნერმა: შენს თავს გეფიცები, არ ვიცი, მეფეო.
56თქვა მეფემ: იკითხე, ვისი შვილია ეს ჭაბუკი.
57როცა დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, ხელი მოჰკიდა მას აბნერმა და წარუდგინა საულს; ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
58უთხრა საულმა: ვისი შვილი ხარ, ყმაწვილო? მიუგო დავითმა: შენი მორჩილის, იესეს შვილი ვაბ, ბეთლემელის.
Next