თავი - 18
Previous1მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი.
2წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ გაუშვა მამის სახლში.
3შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი როგორც საკუთარი თავი.
4გაიძრო იონათანმა მოსასხამი, თან რომ ჰქონდა, და მისცა დავითს; აგრეთვე შესამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.
5ყველგან დადიოდა დავითი, სადაც კი გააგზავნიდა მას საული, და ჭკვიანურად იქცეოდა. დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად; ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მორჩილებსაც.
6როცა ბრუნდებოდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერით და ცეკვით, დაფდაფებით, მხიარული შეძახილებით,
7გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები, ამბობდნენ: შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლი დავითმა თავისი ათი ათასი!
8მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები; თქვა: დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. მეფობაღა აკლია.
9ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.
10მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.
11მოისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს. მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი.
12დაუშინდა სული საულს, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
13განიშორა საულმა დავითი და დაადგინა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
14მუდამ ჭკვიანურად იქცეოდა დავითი და უფალი იყო მასთან.
15დაინახა საულმა, რომ მეტისმეტად გონიერი იყო იგი, და შეეშინდა მისი.
16მთელს ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
17უთხრა საულმა დავითს: აჰა, უფროსი ასული მყავს, მერობი; ცოლად მოგათხოვებ, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და გადაიხადე საღვთო ომები. ფიქრობდა საული: ჩემი ხელი ნუ იქნება მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზეო.
18უთხრა დავითმა საულს: ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრება ან მამაჩემის გვარი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?
19დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერობი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის. მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს.
20შეუყვარდა მიქალს, საულის ასულს, დავითი; ამცნეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
21იფიქრა საულმა: მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს მას და მისწვდეს ფილისტიმელთა ხელი. უთხრა საულმა დავითს: ამჯერად მაინც გახდები ჩემი სიძე.
22უბრძანა საულმა თავის მორჩილთ: ჩააგონეთ დავითს და უთხარით, კარგად გიყურებს მეფე და მის მორჩილებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე-თქო მეფეს.
23მიიტანეს საულის მორჩილებმა დავითის ყურამდე ეს სიტყვები და თქვა დავითმა: ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი უპოვარი და უბირი კაცი ვარ.
24აცნობეს მისმა მორჩილებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი.
25თქვა საულმა: ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს მეფეს, გარდა ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელში ჩააგდებდა დავითს.
26აცნობეს საულის მორჩილებმა დავითს ეს სიტყვები და მოეწონა დავითს, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო. ჯერ არ იყო დრო გასული,
27რომ ადგა დავითი და წავიდა თავის მებრძოლებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მიათხოვა საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.
28დაინახა საულმა და მიხვდა, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულს,
29და კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და სამუდამოდ მტრად გადაეკიდა.
30გამოდიოდნენ ფილისტიმელთა სარდლები საომრად, და როცა კი გამოვიდოდნენ, საულის ყველა მორჩილზე გონივრულად იქცეოდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი.
Next