თავი - 19
Previous1ეუბნებოდა საული თავის ძეს იონათანს და თავის მორჩილთ, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი.
2შეატყობინა იონათანმა დავითს, უთხრა: შენი მოკვლა სურს საულს, მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე.
3მე გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები მინდორში, სადაც შენ იქნები. შენზე დავუწყებ ლაპარაკს მამაჩემს; შევხედავ საქმეს და შეგატყობინებ.
4გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან და უთხრა: ნუ დაიდებს მეფე თავისი მორჩილის, დავითის ცოდვას, რადგან არ შეუცოდავს მას შენს წინაშე. მეტად სასიკეთოა შენთვის მისი საქმეები.
5არად ჩააგდო სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და მოუტნა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლს დავითის ტყუილუბრალოდ მოკვლით?
6დაუგდო ყური საულმა იონათანის სიტყვას და დაიფიცა საულმა: უფალს ვფიცავ, არ მოკვდება.
7დაუძახა იონათანმა დავითს და შეატყობინა ეს ყველაფერი. მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, რათა წინანდებურად ყოფილიყო მის წინაშე.
8კიდევ გაიმართა ომი, გამოვიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. ივლტოდნენ მისგან ფილისტიმელები.
9შეიპყრო ბოროტმა სულმა უფლისაგან საული, როცა შინ იჯდა და შუბი ეჭირა ხელში, დავითი კი ქნარს უკრავდა.
10უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს მოხვდა შუბი. დავითი კი გაიქცა და ასე გადარჩა სიკვდილს იმ ღამით.
11მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილით. შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, უთხრა: თუ ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენ.
12სარკმლიდან გადააპარა მიქალმა დავითი; წავიდა იგი, გაიქცა და ასე გადარჩა.
13აიღო მიქალმა თერაფიმი, საწოლზე დადო, სასთუმლად თხისურის ფარდაგი დაუგო და სამოსელი გადააფარა.
14გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ მიქალმა თქვა: ავად არის.
15გაგზავნა საულმა გზირები დავითის სანახავად და დააბარა: თავის საწოლიანად წამოიყვანეთ, რათა მოიკლას.
16მივიდნენ გზირები და, აჰა, კერპი დევს საწოლზე და თხისურის ფარდაგი უგია სასთუმლად.
17უთხრა საულმა მიქალს: ასე რატომ გამაცურე, რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ გადარჩენილიყო? უთხრა მიქალმა საულს: მითხრა, გამიშვი, რისთვის უნდა მომაკვლევინო თავიო?
18გაიქცა დავითი და გადაირჩინა თავი. მოვიდა სამუელთან რამათში და ყველაფერს მოუყვა, რაც საულმა გაუკეთა მას. მერე წავიდნენ ის და სამუელი და ნავათში დადგნენ.
19შეატყობინეს საულს: აჰა, ნავათს არის დავითი, რამათში.
20გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ როცა იხილეს ქადაგთა გუნდი და სამუელი, მათი ზედამდგომელი, ღვთის სულით აივსნენ ისინი და გაქადაგდნენ.
21შეატყობინეს საულს ეს ამბავი და მანაც სხვა გზირები გაგზავნა; ისინიც გაქადაგდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა გზირები, მაგრამ ისინიც გაქადაგდნენ.
22მაშინ თავად გაემართა რამათს და მივიდა ერთ დიდ ჭასთან, სექუსთან რომ არის, და იკითხა, სად არიანო სამუელი და დავითი? მიუგეს: ნავათს არიანო, რამათში.
23გაემართა ნავათისკენ, რამათს; მასზედაც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაქადაგდა გზაში, ნავათში მისვლამდე.
24შემოიძარცვა სამოსელი და ისიც ქადაგებდა სამუელის წინაშე. შიშველი ეგდო მიწაზე მთელი დღე და მთელი ღამე, ამიტომაც ამბობენ: საულიც კი გაქადაგდაო.
Next