Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1გაიქცა დავითი რამათის ნავათიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა შევცოდე მამაშენს, მოსაკლავადრომ დამდევს?
2მიუგო: ღმერთმა დაგიფაროს, არ მოკვდები! ახლა ყური მიგდე: არაფერ საქმეს, დიდი იქნება თუ მცირე, არ აკეთებს მამაჩემი, მე თუ არ გამიმხილა. რატომ დამიმალავდა მამაჩემი ამ საქმეს? ეს არ მოხდება.
3დაიფიცა დავითმა და თქვა: კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი ვპოვე შენს თვალში, ამიტომ ამჯობინა, არ გაეგო ეს იონათანს, რომ არ დამწუხრებულიყო. უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის.
4უთხრა იონათანმა დავითს: რასაც შენი გული იტყვის, იმას გავაკეთებ შენთვის.
5უთხრა დავითმა იონათანს: აჰა, ხვალ ახალმთავრობაა. წესისამებრ, პურის საჭმელად უნდა ვიჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ დავიმალო მინდვრად ზეგ საღამომდე.
6თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა ბეთლემში, ჩემს ქალაქში მეჩქარება, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს.
7თუ თქვა: კეთილი, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მორჩილი. თუ განრისხდა, იცოდე, გადაუწყვეტია ავი საქმე.
8მიყავი სიკეთე შენს მორჩილს, რაკი საუფლო აღთქმით მიგიღივარ შენი მორჩილი: ბარემ შენ მომკალი, თუ რამე დანაშაული მაქვს, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან.
9თქვა იონათანმა: დარდი ნუ გაქვს. როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ავი საქმე გადაუწყვეტია შენთვის მამაჩემს.
10უთხრა დავითმა იონათანს: ვინ შემატყობინებს, მკაცრი პასუხი თუ გაგცა მამაშენმა.
11უთხრა იონათანმა დავითს: წამო, მინდორში გავიდეთ. და გავიდნენ ორთავენი მინდორში.
12უთხრა იონათანმა დავითს: უფალი, ისრაელის ღმერთი იყოს მოწმე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროს გავიგებ მამაჩემისგან, კეთილი თვალით უყურებს თუ არა დავითს. ხოლო თუ არავინ გამოვგზავნე შენთან და ცხადად არ გაგიმხილე,
13ასე და ასე დასაჯოს უფალმა იონათანი და უარესადაც. თუ ნებავს მამაჩემს ბოროტება შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო.
14თუ ცოცხალი ვიქენი, მადლი მიყავი უფლის გულისთვის. თუ მოვკვდი,
15ნურასოდეს მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, ნურც მაშინ, როცა აღგვის უფალი სათითაოდ დავითის მტრებს მიწის პირისგან.
16დადო აღთქმა იონათანმა დავითის სახლთან: დავითის მტრებს აგებინოს პასუხი უფალმა!
17და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
18უთხრა იონათანმა: ხვალ ახალმთავრობაა. მოგიკითხავენ, რადგან ცარიელი იქნება შენი ადგილი.
19სამ დღეს მოიცალე და მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის კლდესთან დაჯექი.
20სამ ისარს ვისვრი შენსკენ, თითქოს მიზანში მესროლოს.
21მერე ბიჭს გამოვგზავნი, წადი, ისრები მოძებნე-მეთქი. თუ ვეტყვი ბიჭს, აჰა, შენს ახლოს არის ისრები, აიღე და მომიტანე-მეთქი, მშვიდობაა შენს თავს. არაფერი არ მოხდება, უფალს გეფიცები.
22თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს იქით არის ისრები-მეთქი, წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.
23იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, უფალი იყოს ჩვენს შორის უკუნისამდე.
24დაიმალა დავითი მინდორში. დადგა ახალმთავრობის დღე და დაჯდა პურობად მეფე.
25დაჯდა მეფე თავის საჯდომზე ჩვეულებისამებრ, კედელთან მდგარ საჯდომზე; იონათანი კი ადგა და საულის გვერდით აბნერი დაჯდა. დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
26არაფერი უთქვამს საულს იმ დღეს, რადგან იფიქრა, შემთხვევა არისო; განუწმედელი იქნება, არ განწმედილაო ალბათ.
27ახალმთავრობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: რატომ არ მოვიდა პურობად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს?
28მიუგო იონათანმა საულს: ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.
29მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლშეწირვა გვაქვს ქალაქში. ძმამ შემომითვალაო. ახლა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, დამანებე წასვლა, რომ მოვინახულო ჩემი ძმებიო. ამიტომ არ მოსულა სამეფო სუფრაზე.
30განურისხდა საული იონათანს და უთხრა: შე ურჩო და უკუღმართო! განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ვაჟს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად.
31რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა გნმტკიცდება. ახლა აქ მომიყვანე, რადგან სიკვდილის ღირსია.
32მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?
33და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონია მამამისს დავითის მოკვლა.
34ადგა იონათანი სუფრიდან, რისხვამორეული. არ უჭამია პური ახალმთავრობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ გალანძღა იგი მამამისმა.
35მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დათქმულ დროზე, პატარა ყმაწვილიც თან ახლდა.
36უთხრა ყმაწვილს: გაიქეცი და მომიძებნე ისრები, მე რომ ვისვრი. გაიქცა ყმაწვილი ისროლა იონათანმა ისრები და ყმაწვილს გადააცილა.
37მივიდა ყმაწვილი იმ ადგილას, სადამდისაც მიაწვდინა იონათანმა ისრები და მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: შენს იქით ხომ არ არისო ისრები?
38კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, რას უდგეხარ? მოაგროვა იონათანის ყმაწვილმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
39თავად ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო გასაგები ეს ამბავი.
40მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი საჭურველი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, ქალაქში წაიღე!
41ყმაწვილი წავიდა. ხოლო დავითი ადგა სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის თაყვანისცა. მერე გადაკოცნეს ერთმანეთი და ატირდნენ ერთად. დავითი უფრო მეტს ტიროდა.
42უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის უკუნისამდე!
Next