თავი - 21
Previous1ადგა და წავიდა იონათანი, და მივიდა ქალაქს.
2ხოლო დავითი ნომბაში წავიდა ახიმელექ მღვდელთან. შიშით გამოეგება ახიმელექი დავითს და ჰკითხა: მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს?
3მიუგო დავითმა ახიმელექ მღვდელს: საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გგზავნი და რასაც გავალებ. ამიტომაც ამა და ამ ადგილს დავიბარე მსახურები.
4ახლა, რა გექნება სახელდახელოდ? მომეცი ხუთი პური ან რაც მოგეძევება.
5მიუგო მღვდელმა დავითს და უთხრა: სადაგი პური არა მაქვს ახლა, მხოლოდ ნაკურთხი პური მაქვს. ოღონდ ცოლებს ხომ არ გაჰკარებიან შენი მსახურები?
6მიუგო დავითმა მღვდელს და უთხრა: ცოლებთან არ მივსულვართ არც გუშინ და არც გუშინწინ, იმ დროდან, რაც გზას ვადგავარ. ჩემი მსახურების ჭურჭლები წმიდაა; ეგ პურიც სადაგად ჩაითვლება, რადგან დღეს ხომ ახალი უნდა იკურთხოს ჭურჭელში.
7მისცა მას მღვდელმა ნაკურთხი პური, რადგან არ იყო იქ სხვა პური, გარდა საუფლო პურისა, რომელსაც იღებენ ხოლმე უფლის ტაბლიდან, რომ მის ნაცვლად ახალი პური დააწყონ.
8იყო იქ იმ დღეს უფლის წინაშე ერთი კაცი, საულის მორჩილთაგანი, სახელად დოეგი, ედომელი, საულის მწყემსების უფროსი.
9უთხრა დავითმა ახიმელექს: ხომ არ გაქვს სადმე შუბი ან მახვილი, რადგან არც მახვილი წამომიღია და არც სხვა რამ საჭურველი, ისე სასწრაფო იყო სამეფო საქმე.
10უთხრა მღვდელმა: იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილია აქ, მუხნარის ველზე რომ დაამარცხე; აგერ დევს, ეფოდის უკან, მოსასხამში გახვეული. თუ წაღება გინდა, წაიღე, რადგან მის გარდა სხვა არაფერი გვაქვს. თქვა დავითმა: არაფერია ამის მსგავსი. მომეცი.
11ადგა დავითი და გაიქცა იმ დღეს საულისგან, და მოვიდა აქიშთან, გათის მეფესთან.
12უთხრეს აქიშს მისმა მორჩილებმა: ეს დავითი არ არის ქვეყნის მეფე? მას არ უმღეროდნენ როკვისას: საულმა სძლია ათასს, დავითმა ათი ათასსო?
13გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა.
14გონება შეიშალა დავითმა მათ თვალში, თავი მოიგიჟიანა, ხაზებს ავლებდა ჭიშკრის კარებზე და წვერებზე დორბლი ჩამოსდიოდა.
15უთხრა აქიშმა თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი. რისთვის მოიყვანეთ ჩემთან?
16შეშლილებიღა მაკლდნენ, რომ მოგიყვანიათ და გიჟობს ჩემს წინაშე? ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?
Next