თავი - 22
Previous1წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი. გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და ჩავიდნენ იქ.
2იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ყველა დავალიანებული, ყველა სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან ოთხასი კაცი.
3წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი.
4დატოვა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე დავითი ამ თავშესაფარში იმყოფებოდა.
5უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: ნუ დარჩები ამ თავშესაფარში. ადექი და იუდას ქვეყანაში წადი. წავიდა დავითიც და მივიდა ხარეთის ტყეში.
6შეიტყო საულმა, რომ გამოჩნდა დავითი თავისი ხალხითურთ. საული იჯდა გიბყაში, მაღლობზე მუხის ქვეშ, ხელში შუბი ეჭირა და მისი მორჩილნი იდგნენ მის ახლოს.
7უთხრა საულმა ახლოს მდგარ მორჩილთ: ისმინეთ, ბენიამინელნო! ყველას ჩამოგირიგებთ იესეს ძე ყანებსა და ვენახებს? ყველას დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად,
8ყველანი რომ შეითქვით ჩემს წინააღმდეგ და არ გამიმხილეთ, კავშირი თუ ჰქონდა შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან, რომ არავინ შემიცოდეთ და არ გამიმხილეთ, ჩემი შვილი თუ მიმხედრებდა ჩემს მორჩილს, როგორც დღეს გამოაშკარავდა?
9მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მორჩილებთან ერთად რომ იდგა, და უთხრა: მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მოვიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან,
10რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, საგზალიც მისცა და გოლიათ ფილისტიმელის მახვილიც.
11დაიბარა მეფემ ახიმელექ მღვდელი, ახიტუბის ძე, მამამისის მთელი სახლი და სამღვდელოება, ნობში რაც იყო, და მივიდნენ მეფესთან ყველანი.
12უთხრა საულმა: ყური მიგდე, ახიტუბის ძევ! მიუგო: გისმენ, ჩემო ბატონო.
13უთხრა საულმა: რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემს წინაშე, როგორც დღეს გამოაშკარავდა?
14მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: ვინ არის დავითივით ერთგული შენს მორჩილთა შორის? მეფის სიძე, შენი მორჩილი და შენს სახლში პატივდებული:
15ახლა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? შორს ჩემგან! ნურაფერში ნუ დაადანაშაულებს მეფე თავის მორჩილს და მამაჩემის მთელს სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი იცის შენმა მორჩილმა, არც მცირე, არც დიდი.
16თქვა მეფემ: უნდა დაიხოცოთ, ახიმელექ, შენცა და მამაშენის მთელი სახლი.
17უთხრა მეფემ მორბედებს, მის წინაშე მდგართ: წადით და დახოცეთ უფლის მღვდლები, რადგან დავითის მხარი უჭირავთ. იცოდნენ, რომ გაქცეული იყო იგი და არ შემატყობინეს. მაგრამ არ უნდოდათ მეფის მორჩილთ ხელი აღემართათ და დასხმოდნენ თავს უფლის მღვდლებს.
18უთხრა მეფემ დოეგს: შენ წადი და დახოცე მღვდლები. წავიდა დოეგ ედომელი და დაესხა მღვდლებს და დახოცა იმ დღეს ოთხმოცდახუთი კაცი, სელის ეფოდით შემოსილი.
19და მახვილით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი, ვაცი და ქალი, ჭაბუკი და ძუძუთა ბავშვი, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები. მახვილით მოსრა.
20გადარჩა მხოლოდ ახიმელექ ახიტუბის ძის ერთი ვაჟიშვილი, სახელად აბიათარი, და გაიქცა დავითთან იგი.
21უამბო აბიათარმა დავითს, როგორ დახოცა საულმა უფლის მღვდლები.
22უთხრა დავითმა აბიათარს: მივხვდი იმ დღეს, დოეგ ედომელის დანახვისას, რომ უეჭველად ამბავს მოუტანდა საულს. ჩემზეა მამაშენის სახლის სისხლი.
23ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია; ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, იმას შენი მოკვლაც უნდა. ჩემთან არაფერი გაგიჭირდება.
Next