თავი - 23
Previous1შეატყობინეს დავითს: აჰა, ფილისტიმელები დასხმიან თავს კეყილს და კალოებს აჩანაგებენ.
2დაეკითხა დავითი უფალს: თუ წავედი, დავამარცხებ ამ ფილისტიმელებს? მიუგო უფალმა დავითს: წადი და დაამარცხებ ფილისტიმელებს და იხსნი კეყილს.
3უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: ჩვენ აქ, იუდაშიც შიშით აღარა ვართ და კეყილში როგორღა წავიდეთ ფილისტიმელთა მხედრობის წინააღმდეგ?
4კვლავ დაეკითხა დავითი უფალს და მიუგო მას უფალმა და უთხრა: ადექი და ჩადი კეყილში, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
5წავიდნენ დავითი და მისი კაცები კეყილს და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს; გამოირეკეს მათი საქონელი და სასტიკად დაამარცხეს. ასე იხსნა დავითმა კეყილის მკვიდრნი.
6როცა დავითთან გამოიქცა აბიათარი, ახიმელექის ძე, თან ეფოდი წამოიღო.
7აცნობეს საულს, რომ კეყილში იყო დავითი მისული, და თქვა საულმა: ხელში ჩამიგდო იგი ღმერთმა, რადგან კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში შესვლით თვითონვე გამოიკეტა თავი.
8საომრად შეჰყარა საულმა მთელი ხალხი, რათა ჩასულიყვნენ კეყილში და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები.
9შეიტყო დავითმა, ავს რომ უპირებდა მას საული, და უთხრა აბიათარ მღვდელს: მოიტანე ეფოდი!
10თქვა დავითმა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! ნამდვილად იცის შენმა მორჩილმა, რომ კეყილისკენ მოდის საული, რათა ჩემს გამო გაანადგუროს ქალაქი.
11თუ მიმცემენ მათ ხელში კეყილელნი? თუ ჩამოვა სული, როგორც შეიტყო შენმა მორჩილმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა! გაუცხადე შენს მორჩილს! მიუგო უფალმა: ჩამოვა.
12თქვა დავითმა: თუ მიგვცემენ კეყილელნი მე და ჩემს ხალხს საულს ხელში? თქვა უფალმა: მიგცემენ.
13აიყარნენ დავითი და მისი კაცები, ექვსასამდე კაცი, და გავიდნენ კეყილიდან. დადიოდნენ, სადაც კი შეიძლებოდა სიარული. ხოლო საულს ამცნეს, რომ გაიქცა დავითი კეყილიდან, და აღარ გამოვიდა საბრძოლველად.
14ჩერდებოდა დავითი უდაბნოში, მიუვალ ადგილებში და მთაში, ზიფის უდაბნოში. მთელი დღეები ეძებდა მას საული, მაგრამ უფალმა ხელში არ ჩაუგდო იგი.
15დაინახა დავითმა, რომ გამოვიდა საული მის მოსაკლავად, და დარჩა ზიფის უდაბნოში, ხორშაში.
16ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ხორშაში, და გაამხნევა ღვთის სახელით.
17უთხრა: ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც კი იცის ეს.
18შეკრეს კავშირი ორმა უფლის წინაშე. დარჩა დავითი ხორშაში, ხოლო იონათანი შინ დაბრუნდა.
19მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ხორშაში, ხაქიელის გორაზე, იეშიმონის ხელმარცხნივ.
20ახლა, შენს ნებაზეა, მეფეო, წახვალ თუ არა. ჩვენი ვალი კი ის არის, რომ მეფეს ჩავუგდოთ იგი ხელში.
21თქვა საულმა: უფალიმც გაკურთხებთ, რომ შემიბრალეთ!
22წადით, ერთხელ კიდევ დაიბეჯითეთ და მიათვალ-მოათვალიერეთ ის ადგილები, სადაც კი ფეხი დაუდგამს, ან თუ ვინმეს უნახავს იქ, რადგან მითხრეს, ფრთხილად იქცევაო.
23ეძებეთ და დაჩხრიკეთ ყველა სამალავი, სადაც კი შეიძლება იმალებოდეს, და მართალი პასუხი მომიტანეთ, მხოლოდ ამის მერე წამოგყვებით. თუ ჩვენს ქვეყანაში არის სადმე, იუდას ყველა სამთავროში დავუწყებ ძებნას.
24ადგნენ და წავიდნენ საულისგან ზიფში. ხოლო დავითი და მისი ხალხი ამ დროს მაყონის უდაბნოში იყვნენ, ვაკეზე, იეშიმონის მარცხნივ.
25წავიდა საული საძებრად თავისი კაცებითურთ. შეატყობინეს დავითს და მივიდა იგი კლდესთან და დადგა მაყონის უდაბნოში. შეიტყო ეს საულმა და დაედევნა დავითს მაყონის უდაბნოში.
26მიდიოდა საული მთის ერთ მხარეს, ხოლო დავითი თავისი კაცებითურთ მთის მეორე მხარეს. გამალებით გაურბოდა დავითი საულს, ხოლო საული და მისი ხალხი ცდილობდნენ გზა მოეჭრათ დავითისა და მისი ხალხისთვის და შეეპყროთ ისინი.
27ამ დროს მაცნე მოვიდა საულთან და მოახსენა: იჩქარე, რადგან ფილისტიმელები დაესხნენ ქვეყანას.
28მიანება თავი დავითის დევნას საულმა და გაემართა ფილისტიმელებთან შესახვედრად. ამიტომ უწოდეს ამ ადგილს სელა ჰამახალკოთ (კლდე გაყრათა).
Next