თავი - 24
Previous1აიყარა დავითი იქიდან და ენგადის მიუვალ ადგილებში ჩაჯდა.
2როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, ენგადის უდაბნოშიაო დავითი.
3აიყვანა საულმა მთელი ისრაელისგან გამორჩეული სამი ათასი კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად სანიამორე კლდეებში.
4მივიდა ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას, სადაც გამოქვაბული იყო. შევიდა შიგ საული საჭირო საქმეზე, ხოლო დავითი და მისი კაცები გამოქვაბულის შიგნით ისხდნენ.
5უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი მათ, რაც გენებოსო. წამოდგა დავითი და ჩუმად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.
6ამის შემდეგ სტკიოდა გული დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.
7უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი
8გაკიცხა თავისი კაცები დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და გავიდა გზაზე.
9ადგა ამის შემდეგ დავითი და გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიაძახა საულს: მეფევ ბატონო! როცა უკან მოიხედა საულმა, მიწად დაიხარა დავითი და თაყვანი სცა მას.
10უთხრა დავითმა საულს: რატომ უგდებ ყურს კაცის სიტყვებს? აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი?
11ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ ჩამიგდო დღეს ხელში შენი თავი უფალმა გამოქვაბულში და მეუბნებოდნენ, მოჰკალიო. მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი.
12შეხედე, მამაჩემო, და დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. შენი მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამაზე მიხვდი, რომ არ არის ჩემში ბოროტება და სივერაგე, არ შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.
13უფალმა განგვსაჯოს და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემს გამო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
14როგორც ძველი ანდაზა ამბობს: ბოროტისაგან ბოროტება გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
15ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნი? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რწყილს რასმე!
16უფალი იყოს მსაჯული, და განგვსაჯოს ჩვენ. იგი შეხედავს და გაიკითხავს ჩემს სამართალს და მიხსნის შენი ხელიდან.
17როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო? და ატირდა საული.
18უთხრა დავითს: მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი.
19დღესაც დაამტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, არ მომკალი.
20ვინ არის ისეთი, რომ დაჭერილი მტერი გაუშვას გზაზე? უფალმა გადაგიხადოს სიკეთით იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.
21ახლა კი მჯერა, რომ ნამდვილად იმეფებ და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო.
22ახლა უფლის სახელით შემომფიცე, რომ არ გასწყვეტ ჩემს შემდეგ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის საგვარეულოდან.
23შეფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. ხოლო დავითი და მისი კაცები თავშესაფარში ავიდნენ.
Next