Eleos

Contents

თავი - 25

Previous
1მოკვდა სამუელი. შეიკრიბა მთელი ისრაელი, დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სახლში, რამათში. ხოლო დავითი ადგა და ფარანის უდაბნოსაკენ წავიდა.
2იყო კაცი ვინმე მაყანში და სამუშაკო ქარმელში ჰქონდა. ძალზე მდიდარი იყო ეს კაცი: ჰყავდა სამი ათასი სული ცხვარი და ათასი თხა. ცხვრის პარსვისას ქარმელში იმყოფებოდა.
3სახელად ამ კაცს ერქვა ნაბალი, მის ცოლს - აბიგაილი. კეთილგონიერი იყო და ლამაზი შესახედავი ეს ქალი; ხოლო კაცი უკმეხი და ავისმქმნელი. ხალების გვარიდან იყო იგი.
4შეიტყო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი.
5გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა მათ: წადით ქარმელში, მიდით ნაბალთან და მოიკითხეთ ჩემი სახელით.
6უთხარით ასე: იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს საბადებელს!
7ახლახან გავიგე, რომ ცხვარს პარსავ. შენი მწყემსები იყვნენ ახლახან ჩვენთან, არ დაგვიჩაგრავს ისინი, არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას.
8ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი პოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მორჩილთ და შენს შვილს, დავითს.
9წავიდნენ დავითის მსახურნი და მიუტანეს ნაბალს ეს სიტყვები, და დაელოდნენ.
10მიუგო ნაბალმა დავითის მორჩილთ და უთხრა: ვინ არის დავითი, ვინ არის იესეს ძე? გამრავლდნენ დღეს მორჩილნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან.
11ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომლის ასავალ-დასავალი არ ვიცი?
12უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურები, მივიდნენ დავითთან და მიუტანეს ეს სიტყვები.
13უთხრა დავითმა თავის კაცებს: ყველამ მახვილები შეიბით წელზე! ყველამ შეიბა მახვილი, შეიბა დავითმაც თავისი მახვილი და გაჰყვა დავითს ოთხასამდე კაცი; ორასი კაცი ადგილზე დარჩა.
14მიუტანა ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა; მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი.
15ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ. არაფერი დაგვკარგვია ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით.
16კედლად გვედგნენ დღითა და ღამით სამწყესურში, როცა მათთან ვიყავით.
17ახლა ასწონ-დასწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის შენს ქმარსა და მთელს მის სახლს. თავად კი უკეთური კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება.
18არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს.
19უთხრა თავის მსახურებს: თქვენ წინ წადით, მეც ახლავე უკან გამოგყვებით. არაფერი უთქვამს ნაბალისთვის, თავისი ქმრისთვის.
20როცა ვირზე მჯდარი ეშვებოდა ხეობაში, აჰა, დავითი და მისი კაცებიც გამოჩნდნენ, და შემოხვდა მათ აბიგაილი.
21ამბობდა დავითი: ტყუილად ვიცავდი ამ კაცის საბადებელს უდაბნოში, არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა.
22ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითს კიდევ უარესიც, თუ მისი საბადებლიდან დილამდე ერთი ძაღლიც დავტოვო.
23როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხდა ვირიდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე და მდაბლად თაყვანისცა.
24ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული; ლაპარაკის ნება მიეცი შენს მორჩილს და ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვებს.
25ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უკეთურ კაცს, რადგან როგორი სახელიცა აქვს, თავადაც ისეთია; ნაბალი ჰქვია მას და ბილწებით არის სავსე. მე, შენს მორჩილს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი კაცები.
26ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო! უფალმა დაგაკავოს სისხლის ღვრისა და შურისგებისგან; ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები, ავი რომ განუზრახავთ ჩემი ბატონისათვის.
27აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუტანია ჩემი ბატონისთვის. მიეცეს მხლებლებს, ჩემი ბატონის ფეხის კვალს რომ დაჰყვებიან.
28აპატიე დანაშაული შენს მორჩილს, ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან საღმრთო ომს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ მოგეკარება არასოდეს.
29თუმცა აღდგა კაცი და მოსაკლავად დაგდევს, მაგრამ სიცოცხლის საკვრელით არის შეკრული უფალ ღმერთთან ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით მოისვრის.
30როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყველაფერ სიკეთეს, რასაც დაჰპირდა, და ისრაელს მეფედ დაგადგენს,
31ნუ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს, რომ არ დაღვარა უბრალო სისხლი და შური არ იძია. როცა გააბედნიერებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გამიხსენე შენი მორჩილი.
32უთხრა დავითმა აბიგაილს: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს.
33კურთხეულ იყოს შენი გონიერება და კურთხეულ იყავი შენ, რომ არ მიმიშვი სისხლის ღვრამდე და შურისგებამდე.
34მაგრამ ცხოველ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის, რადგან რომ არ აჩქარებულიყავ და არ შემხვედროდი, ძაღლიც არ გადაურჩებოდა ცოცხალი დილამდე ნაბალს.
35მიიღო დავითმა აბიგაილის ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მისთვის აბიგაილს, და უთხრა: მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, შევიწყნარე შენი ვედრება და გაპატიე.
36მივიდა აბიგაილი ნაბალთან. და, აჰა, ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი. გული უხაროდა ნაბალს და ძალიან მთვრალი იყო. არაფერი უთქვამს მისთვსა დილამდე აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი.
37მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო მას ცოლმა. გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და ქვასავით გახდა კაცი.
38ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი.
39გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მორჩილი ბოროტის ქმნას და ნაბალის ბოროტება მასვე დაატეხა თავზე უფალმა. მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.
40მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში და გამოუცხადეს: დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად ვუთხოვოთ შენი თავი.
41ადგა აბიგაილი, მიწამდე თაყვანისცა და თქვა: აჰა, მხევლად წამოვა შენი მორჩილი, რომ ფეხი დაბანოს ჩემი ბატონის მორჩილთ.
42არ დააყოვნა აბიგაილმა, ადგა და შეჯდა სახედარზე, თან ხუთი მოახლე წაიყვანა, და მიჰყვა დავითის მოციქულებს. ასე გახდა იგი დავითის ცოლი.
43იზრეყელიდან ახინოყაბი მოიყვანა დავითმა და იყვნენ ეს ორნი მისი ცოლები.
44ხოლო მელქოლა, თავისი ქალიშვილი, დავითის ცოლი, საულმა ფალტის, ლაიშის ძეს, გალიმელ კაცს მიათხოვა.
Next