თავი - 26
Previous1მივიდნენ ზიფიელები საულთან გიბყაში და უთხრეს: არ იცი, რომ დავითი ხაქილას გორაკზე იმალება, იეშიმონის გასწვრივ?
2ადგა საული და სამი ათასი რჩეული ისრაელიანითურთ ზიფის უდაბნოსკენ გაემართა, რათა მოეძებნა დავითი ზიფის უდაბნოში.
3დადგა საული ხაქილის გორაკზე, იეშიმონის გასწვრივ, გზის პირას; ხოლო დავითი უდაბნოში იყო და ხედავდა, როგორ მოვიდა მის კვალზე საული უდაბნოში.
4გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად მოსული იყო საული.
5ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო გაჩერებული. დაინახა დავითმა ის ადგილი. სადაც ეძინათ საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს. საული შუაგულ ბანაკში იწვა, ხოლო ხალხი მის ირგვლივ იყო განლაგებული.
6მიუბრუნდა დავითი ახიმელექ ხეთელს, და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას და უთხრა: ვინ წამომყვება საულთან მის ბანაკში? უთხრა აბიშაიმ: მე წამოგყვები.
7მივიდნენ ღამით დავითი და აბიშაი ხალხთან და, აჰა, ხედავენ, წევს მძინარე საული შუაგულ ბანაკში, და მისი შუბი სასთუმალთან არის ჩარჭობილი მიწაში. აბნერი და ხალხი მის ირგვლივ წვანან.
8უთხრა აბიშაიმ დავითს: ღმერთმა ჩაგაგდებინა დღეს ხელში შენი მტერი. ახლა ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე აღარ დამჭირდება.
9უთხრა დავითმა აბიშაის: ნუ დაღუპავ მას, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება.
10თქვა დავითმა: უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან საბრძოლველად წავა და დაიღუპება.
11უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე ხელი აღვმართო. ახლა აიღე მისი სასთუმლიდან ეგ შუბი და მათარა და წავიდეთ ჩვენთვის.
12აიღო დავითმა შუბი და მათარა საულის სასთუმალიდან და წავიდნენ თავისთვის. არვის დაუნახავს, არვის გაუგია, არც არვის გაუღვიძნია, ყველას ეძინა, რადგან უფლისმიერ ძილს მოეცვა ისინი.
13გადავიდა დავითი გაღმა და დადგა მთის წვერზე, მოშორებით. დიდი მანძილი იყო მათ შორის.
14გაჰყვირა დავითმა ხალხს და აბნერს, ნერის ძეს: ხმა გამეც, აბნერ! ხმა გასცა აბნერმა და უთხრა: ვინა ხარ, რომ ჰყვირი და აწუხებ მეფეს?
15უთხრა დავითმა აბნერს: ხომ კაცი ხარ შენ? ვინ არის ისრაელში შენი ტოლი. მაშ, რატომ არ დაიფარავ შენს ბატონს, მეფეს? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის მოსაკლავად.
16ვერ არის კარგი საქმე, რასაც შენ აკეთებ. უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა მიიხედ-მოიხედე, სად არის მეფის შუბი და მათარა, მის სასთუმალთან რომ იყო?
17იცნო საულმა დავითის ხმა და თქვა: ეს შენი ხმა არის, დავით, შვილო? მიუგო დავითმა: ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო!
18კვლავ თქვა: რისთვის მდევნის ჩემი ბატონი თავის მორჩილს, რა გავაკეთე ისეთი, რა ცოდვა მაწევს.
19ახლა, ისმინოს მეფე ბატონმა თავისი მორჩილის სიტყვები: თუ უფალმა წაგაქეზა ჩემს წინააღმდეგ, სურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი; თუ ადამიანებმა - წყეულიმც არიან ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ წილი არ მქონოდა უფლის სამკვიდროში და მითხრეს, წადი, უცხო ღმერთებს ემსახურეო.
20არ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლის წინაშე, რადგან ერთიბეწო რწყილის საძებრად არის გამოსული ისრაელის მეფე, როგორც გნოლებს ედევნებიან ხოლმე მთებში.
21თქვა საულმა: შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, მეტს აღარ გიბოროტებ, რადგან არ გაიმეტე დღეს ჩემი სიცოცხლე. მე კი უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი.
22მიუგო დავითმა და უთხრა: აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე მსახურთაგანი და წაიღოს.
23უფალმა მიუზღოს ყველას მისი სიმამაცისა და ერთგულების წილ. დღეს მომცა შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე, უფლის ცხებულზე აღმემართა ხელი.
24აჰა, როგორც არ მემეტებოდა დღეს შენი სიცოცხლე, ასევე არ გაიმეტოს უფალმა ჩემი სიცოცხლე და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისაგან.
25უთხრა საულმა დავითს: კურთხეული იყავი, შვილო დავით! კიდევაც აღასრულებ აღსასრულებელს, კიდევაც შესძლებ შესაძლებელს. წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის ადგილას.
Next