თავი - 27
Previous1თქვა დავითმა თავის გულში: ერთ დღეს მაინც დავიღუპები საულის ხელით; ამიტომაც მიჯობს, თავი შევაფარო ფილისტიმელთა ქვეყანას, მომეშვება საული და აღარ დამიწყებს ძებნას ისრაელში, და მეც გადავურჩები მას.
2ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გეთის მეფესთან.
3ცხოვრობდა დავითი აქიშთან გეთში, თვითონ და მისი კაცები თავ-თავისი ოჯახებითურთ, დავითი და მისი ორი ცოლი - ახინოყაბი და ქარმელელი აბიგაილი, ნაბალის ქვრივი.
4შეატყობინეს საულს, გეთში გაიქცაო დავითი, და მეტი აღარ უძებნია იგი.
5უთხრა დავითმა აქიშს: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე მცირე ქალაქში და ვიცხოვრებ იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მორჩილი შენს გვერდით სამეფო ქალაქში?
6მისცა აქიშმა იმ დღესვე ციკლაგი; ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს.
7ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.
8ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი.
9დაამარცხებდა დავითი მთელს ამ ქვეყანას, ცოცხალს არ დატოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარ-ძროხას, ვირებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს და დაბრუნდებოდა აქიშთან.
10ეტყოდა აქიში: სად არბევდით დღეს? მიუგებდა დავითი აქიშს, იუდას სამხრით, იერახმეელთა სამხრით და კენიელთა სამხრით.
11არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მოჰყავდა გეთს; ამბობდა, არ ილაპარაკონ ჩვენზე, ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.
12მიენდო აქიში დავითს; ფიქრობდა, თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და ჩემი გახდებაო სამუდამოდ.
Next