Eleos

Contents

თავი - 28

Previous
1იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად და უთხრა აქიშმა დავითს: იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალთ ბანაკად შენ და შენი ხალხი!
2უთხრა დავითმა აქიშს: ახლა გაიგებ, რას მოიმოქმედებს შენი მორჩილი. უთხრა აქიშმა დავითს: ამის გამო ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ.
3მოკვდა სამუელი, დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა და დამარხეს რამათში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მუცლითმეზღაპრენი და მჩხიბავნი.
4შეიყარნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნებში დაიბანაკეს. საულმაც შეჰყარა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაიბანაკეს.
5როცა დაიხახა საულმა ფილისტიმელთა ბანაკი, შეეშინდა და ძლიერ შეუკრთა გული.
6დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმისა და არც წინასწარმეტყველთა პირით.
7უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ ქალი, მესულთანე, მივალ მასთან და ვამკითხვინებ. უთხრეს მსახურებმა: აჰა, ყენდორში არის მესულთანე ქალი.
8სახე იცვალა საულმა, გადაიცვა სხვა სამოსელი, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ ქალთან ღამით. უთხრა: მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი.
9უთხრა ქალმა: კარგად უწყი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპავად?
10უფალი დაიფიცა საულმა: ცხოველ არს უფალი! ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის.
11ჰკითხა ქალმა: ვინ ამოგიხმო? მიუგო: სამუელი ამომიხმე.
12დაინახა სამუელი ქალმა და ხმამაღლა იყვირა: ასე უთხრა ქალმა საულს: რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ!
13უთხრა მას მეფემ: ნუ გეშინია. რას ხედავ? უთხრა ქალმა საულს: სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს.
14ჰკითხა: როგორ გამოიყურება? მიუგო: მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამი ბურავს. მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, მიწად დაიხარა და თაყვანისცა.
15უთხრა სამუელმა საულს: რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე? უთხრა საულმა: ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რომ მასწავლო, როგორ მოვიქცე.
16უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?
17ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით; გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს დავითს.
18რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას.
19ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ბანაკსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს.
20უცებ მთელი ტანით დაეცა მიწაზე საული, დიდად შეეშინდა სამუელის სიტყვებისა; ძალაც გამოლეოდა, რადგან მთელი დღე და ღამე არ ეჭამა პური.
21მივიდა ის ქალი საულთან და როცა დაინახა, რომ დიდად შეშფოთებული იყო იგი, უთხრა: აჰა, ისმინა შენი ბრძანება შენმა მხევალმა და ხიფათში ჩაიგდო თავი.
22ახლა შენც ისმინე შენი მხევლის სიტყვა: პურის ნაჭერს დაგიდებ წინ და შეჭამე, რათა ძალა მოიცე უკან წასასვლელად.
23იუარა საულმა და თქვა: არ შევჭამ. როცა არ მოეშვნენ მისი მორჩილნი და ის ქალიც, დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა.
24ჰყავდა იმ ქალს სახლში ნასუქალი ხბო; სასწრაფოდ დაკლა იგი, აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და ხმიადები გამოაცხო.
25მიართვა საულს და მის მორჩილთ; მათაც ჭამეს. მერე ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ.
Next