Eleos

Contents

თავი - 29

Previous
1ამასობაში ფილისტიმელებმა შეკრიბეს მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში. ხოლო ისრაელი წყაროსთან იყო დაბანაკებული, იზრეყელში.
2ფილისტიმელთა წინამძღოლნი თავ-თავიანთი ასეულებითა და ათასეულებითურთ ვიდოდნენ. დავითი და მისი ხალხი უკან მოდიოდნენ აქიშთან ერთად.
3თქვეს ფილისტიმელთა სარდლებმა: რა უნდათ ამ ებრაელებს? მიუგო აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: ეს ხომ დავითია, საულ ისრაელის მეფის მორჩილი. რამდენიმე წელია ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის დღიდან მისი გამოქცევისა დღემდე.
4გაუბრაზდნენ მას ფილისტიმელი მთავრები და უთხრეს ფილისტიმელმა მთავრებმა: უკანვე გაისტუმრე ეგ კაცი, დაბრუნდეს თავის ადგილას, სადაც გაგიწესებია; ნუ წამოვა ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რათა ომის დროს მტრად არ გვექცეს. რითი მოიგებს თავის ბატონის გულს, თუ არა ჩვენი კაცების თავებით?
5ეს ხომ ის დავითია, რომელზეც მღეროდნენ მროკველები: მოსრა საულმა თავის ათასი, ხოლო დავითმა ათიათასიო?
6უხმო აქიშმა დავითს და უთხრა: ცხოველ არს უფალი! რიგიანი კაცი ხარ და მახარებს შენი მისვლა-მოსვლა, ჩემს ბანაკში. რადგან ცუდი არაფერა შემინიშნავს შენთვის დღიდან შენი მოსვლისა ჩემთან. მაგრამ წინამძღოლებს არ მოუდიხარ თვალში.
7ახლა მშვიდობით გაბრუნდი უკან და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც თვალში არ მოსდით ფილისტიმელ წინამძღოლებს.
8უთხრა დავითმა აქიშს: რა გავაკეთე ან რა შენიშნე ისეთი შენს მორჩილს დღიდან შენთან მოსვლისა, რომ ამეკრძალოს ჩემი ბატონი მეფის მტრების წინააღმდეგ ბრძოლა?
9მიუგო აქიშმა და უთხრა დავითს: ვიცი, რომ ანგელოზივით ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელი მთავრები ამბობენ, არ წამოგვყვესო საბრძოლველად.
10ადექით დილაადრიანად შენ და შენი ბატონის მორჩილნი, შენ რომ მოგყვნენ, ადექი დილაადრიანად და როცა ინათებს, გაბრუნდით უკან.
11ადგნენ დავითი და მისი კაცები, რათა წასულიყვნენ დილით და გაბრუნებულიყვნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. ხოლო ფილისტიმელები იზრეყელისკენ ავიდნენ.
Next