თავი - 30
Previous1ვიდრე მესამე დღეს დავითი და მისი კაცები ციკლაგში მივიდოდნენ, ყამალეკელები სამხრეთიდან დაესხნენ ციკლაგს, გაანადგურეს ციკლაგი და გადაწვეს.
2ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არვინ მოუკლავთ, მხოლოდ გაიტაცეს და თავისი გზით წავიდნენ:
3მივიდნენ დავითი და მისი კაცები ქალაქში და ხედავენ, გადამწვარია ქალაქი, დედა-წული ტყვედ არის წაყვანილი.
4გამართეს მოთქმა დავითმა და მისმა ხალხმა და ტიროდნენ ვიდრე ძალი შესწევდათ.
5ტყვედ იყვნენ წაყვანილნი დავითის ორი ცოლიც - იზრეყელელი ახინოყაბი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
6დამწუხრდა დიდად დავითი, რადგან მისი ჩაქოლვა განიზრახა ხალხმა; გამწარებული იყო მთელი ხალხი თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო, მაგრამ უფლის, თავისი ღვთის იმედით გაიმხნევა დავითმა თავი.
7უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: მომიტანე ეფოდი! მიუტანა აბიათარმა ეფოდი დავითს.
8დაეკითხა დავითი უფალს: დავედევნო იმ ურდოს? მივეწევი? მიუგო: დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და წაართმევ ნადავლს.
9წავიდა დავითი ექვსასი კაცითურთ და მიადგნენ ბესორის ხევს. ერთი ნაწილი დარჩა.
10დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ; დარჩა ორასი კაცი, რომელთაც დაღლილობის გამო ვერ შეძლეს ბესორის ხევის გადალახვა.
11ნახეს მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი და მიიყვანეს დავითთან; მისცეს პური და შეჭამა, წყალიც დაალევინეს.
12მისცეს ტყლაპის ნაჭერი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან სამი დღე და ღამე უჭმელ-უსმელი იყო.
13ჰკითხა დავითმა: ვისი ხარ და სადაური ხარ. მიუგო: ეგვიპტელი კაცი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა პატრონმა, რადგან ეს მესამე დღეა, რაც ავად ვარ.
14თავს დავესხით ქერეთის სამხრეთს, იუდას, ქალების სამხრეთს და ციკლაგს და გადავწვით.
15უთხრა დავითმა: თუ მიმიყვან იმ ურდომდე? მიუგო: ღმერთი დაიფიცე, რომ არ მომკლავ და ჩემს პატრონს არ მიმცემ, და ჩაგიყვან იმ ურდომდე.
16ჩაიყვანა და, აჰა, გაფანტულან მთელს არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.
17მუსრავდა მათ დავითი დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, რომელნიც მოახტნენ აქლემებს და გაიქცნენ.
18უკან დაიბრუნა დავითმა ყველაფერი, რაც წაღებული ჰქონდა ყამალეკს; თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა.
19არაფერი დაჰკარგვიათ, არც მცირე, არც დიდი, არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან. მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ, ყველაფერი დაიბრუნა დავითმა.
20წამოასხა დავითმა მთელი ცხვარ-ძროხა; ერეკებოდნენ ამ საქონელს და ამბობდნენ: დავითის ნადავლიაო ეს.
21მივიდა დავითი ორას კაცთან, რომელთაც დაეზარათ გაჰყოლოდნენ დავითს და ბესორის ხევთან დარჩნენ. გამოვიდნენ ისინი დავითისა და მასთან მყოფი ხალხის მისაგებებლად. მივიდა დავითი ამ ხალხთან და მოიკითხა.
22ასე ამბობდა ზოგიერთი ბოროტი და უგვანი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული: რაკი არ წამოგვყვნენ, ნურაფერს გავუნაწილებთ მათ ნადავლიდან, ჩვენ რომ დავიბრუნეთო უკან. მხოლოდ თავ-თავისი ცოლშვილი წაასხან და წავიდნენო.
23თქვა დავითმა: ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა.
24ვინ მოგცემთ დასტურს ამ საქმეში? რადგან რა წილიც ნაბრძოლებ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს ბანაკში დარჩენილს, ყველას უნდა ხვდეს წილი.
25ასე იყო ამ დღიდან და მერეც. ეს არის მისგან დადგენილი წესად და რჯულად დღესამომდე.
26მივიდა დავითი ციკლაგში, ჩამოურიგა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს და შეუთვალა: აჰა, თქვენი მოსაკითხავი უფლის მტრების ნადავლიდან,
27იმათი ბეთილში რომ არიან, სამხრეთ რაბოთში რომ არიან, იათერში რომ არიან;
28იმათი, ყაროყერში რომ არიან, შიმფოთში რომ არიან, ეშთემოყში რომ არიან,
29რაქალში რომ არიან, იერახმეელთა ქალაქებში რომ არიან, კინელთა ქალაქებში რომ არიან,
30ხორმაში რომ არიან, ქორიყაშანში რომ არიან, ყათაქში რომ არიან;
31ხებრონში რომ არიან, და ყველგან, სადაც დავითსა და მის კაცებს უვლიათ.
Next