Eleos

Contents

თავი - 31

Previous
1გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს და გაექცნენ ისრაელიანები ფილისტიმელებს; გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი.
2მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის შვილები.
3გაუძნელდა ბრძოლა საულს; ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს იგი მშვილდოსნებმა.
4უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინდაუცვეთელებმა არ მომკლან და არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.
5როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა მასთან ერთად.
6ერთ დღეს, ერთად დაიხოცნენ საული და მისი სამი ვაჟიშვილი, მისი საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი თანამებრძოლი.
7როცა დაინახეს ტაშირს გაღმა და იორდანეს გაღმით მცხოვრებმა ისრაელიანებმა, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და თავადაც გაიქცნენ. მივიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
8მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად, და როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი,
9თავები დააჭრეს და საჭურველი აჰყარეს. დაგზავნეს კაცები ფილისტიმელთა ქვეყანაში, რათა ეხარებინათ ეს ამბავი საკერპოებისა და ხალხისათვის.
10დადვეს მისი საჭურველი აშთაროთის ტაძარში, ხოლო მისი გვამი ბეთ-შანის კედელზე მიაჭედეს.
11როცა გაიგეს გალაადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელები საულს,
12ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, მთელი ღამე იარეს, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები, მოიტანეს იაბეშში და დაწვეს.
13აკრიფეს ძვლები და დამარხეს იაბეშში იალღუნის ქვეშ, მერე შვიდ დღეს მარხულობდნენ.
Next