Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1ეს მოხდა საულის სიკვდილის შემდეგ, როდესაც დავითი დაბრუნდა ყამალეკზე გამარჯვებიდან და დარჩა დავითი ციკლაგში ორ დღეს.
2მოვიდა მესამე დღეს საულის ბანაკიდან კაცი, სამოსელი შემოგლეჯოდა და თავზე ნაცარი ეყარა. მივიდა დავითთან, მიწაზე დავარდა და თაყვანისცა.
3უთხრა დავითმა: საიდან მოდიხარ? მიუგო: ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.
4უთხრა დავითმა: რა ამბავი მოხდა, მიამბე! თქვა კაცმა: ხალხი გაიქცა ბრძოლის ველიდან; ბევრი ჩვენიანიც დაეცა და დაიხოცა, საულიც და მისი ვაჟი იონათანიც დაიხოცნენ.
5უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: როგორ გაიგე, რომ დახოცილან საული და მისი ვაჟი იონათანი?
6მიუგო ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: გილბოაყის მთაზე მოვხვდი და, ვხედავ, შუბზეა საული დაყრდნობილი და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებიან მას.
7უკან მოიხედა, დამინახა და დამიძახა. მივუგე გისმენ, ბატონო-მეთქი.
8მითხრა: ვინ ხარ? მივუგე: ყამალეკელი ვარ.
9მითხრა: დამეცი თავს და მომკალი, რადგან საშინელ ტანჯვაში ვარ, სული კი ჯერ არ ამომხდომია.
10მივედი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ მაინც არ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, სამაჯური, ხელზე რომ ეკეთა, და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს.
11ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო.
12მოთქვამდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.
13ჰკითხა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს; სადაური ხარ? მიუგო: ხიზანის შვილი ვარ, ყამალეკელი.
14უთხრა მას დავითმა: როგორ გაბედე და აღმართე ხელი უფლის ცხებულის დასაღუპად?
15დაუძახა დავითმა ერთ მსახურთაგანს და უთხრა: აქ მოდი და მოკალი ეს კაცი. მანაც დაჰკრა და მოკვდა იგი.
16უთხრა მას დავითმა: შენს თავზეა შენი სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული.
17ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და მის ვაჟს, იონათანს.
18თან ბრძანა, ესწავლათ იუდიანებს მშვილდი. აჰა, სწერია მართალთა წიგნში:
19შეიბღალა შენი მშვენება, ისრაელო, შენს მაღლობებზე! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!
20ნუ გაამხელთ გათში, ნუ გამოაცხადებთ ასკალონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა, არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა.
21გილბოაყის მთებო! არ გეღირსოს ცვარი და წვიმა, ნაყოფიერი მინდვრები, რადგან მანდ გაცუდდა ვაჟკაცის ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული!
22განგმირულთა სისხლისგან, ვაჟკაცთა გულ-ღვიძლისგან არ ბრუნდებოდა უკან იონათანის მშვილდი; საულის ხმალი ფუჭად არ ბრუნდებოდა!
23საულ და იონათან! საყვარელნი და სანატრელნი სიცოცხლეში, სიკვდილშიაც განუყრელნი არიან! არწივზე უსწრაფესნი, ლომზე ძლიერნი იყვნენ.
24ისრაელის ასულნო! იტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ შესამოსელს.
25როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
26ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი.
27როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!
Next