თავი - 2
Previous1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ დაეკითხა უფალს დავითი: შევიდე თუ არა იუდას რომელიმე ქალაქში? მიუგო უფალმა: შედი. თქვა დავითმა: სად შევიდე? მიუგო: ხებრონში.
2შევიდნენ იქ დავითი და მისი ორი ცოლი, იზრეყელელი ახინოაბი და აბიგაილი, ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
3თავისთან მყოფი ხალხიც მოიყვანა დავითმა თავ-თავისი სახლებითურთ; დასახლდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში.
4მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. ამასობაში შეატყობინეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებს უკვე დაუმარხავთ საული.
5გაგზავნა მოციქულები დავითმა გალაადის იაბეშელებთან და შეუთვალა მათ: კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ უყავით თქვენს პატრონს, საულს, და დამარხეთ იგი.
6უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისათვის, თქვენ რომ აღასრულეთ.
7ახლა მკლავი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით; რადგან თუმცა მკვდარია თქვენი პატრონი საული, მაგრამ მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ.
8ამასობაში აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშბოშეთი, საულის ვაჟი, გადაიყვანა მახანაიმში,
9და გაამეფა გალაადზე, აშურელებზე, იზრეყელზე, ეფრემზე, ბენიამინზე და სრულიად ისრაელზე.
10ორმოცი წლის იყო იშბოშეთი, საულის ვაჟი, როცა გამეფდა იგი ისრაელზე; ორ წელიწადს იმეფა. მხოლოდ იუდას სახლი შეუდგა დავითს.
11დავითის მეფობის ხანი ხებრონში იუდას სახლზე იყო შვიდი წელი და ექვსი თვე.
12გამოვიდნენ აბნერ ნერის ძე და იშბოშეთის, საულის ძის მორჩილნი მახანაიმიდან და მივიდნენ გაბაონს.
13ხოლო იოაბ ცერუიას ძე და დავითის მორჩილნი გამოვიდნენ და შეეყარნენ მათ გაბაონის ტბორთან და განლაგდნენ, ერთნი ტბორის ერთ ნაპირზე, მეორენი - მეორე ნაპირზე.
14უთხრა აბნერმა იოაბს: გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენს წინაშე. მიუგო: გამოვიდნენ!
15ადგნენ და გამოვიდნენ თორმეტნი ბენიამინისა და იშბოშეთის, საულის ძის, მხრიდან და თორმეტნი დავითის მორჩილთა მხრიდან.
16ჩასჭიდეს ერთიმეორეს თავში ხელი და მახვილები ჩასცეს ერთიმეორეს ფერდში, და დაეცნენ ერთად. ეწოდა ამ ადგილს სახელად მახვილთა მინდორი, რომელიც გაბაონშია.
17გაიმართა უსასტიკესი ბრძოლა იმ დღეს და იძლივნენ დავითის მორჩილთაგან აბნერი და ისრაელიანები.
18იქ იმყოფებოდა ტერუიას სამი ვაჟი - იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი, მინდორში.
19გაეკიდა ყასაელი აბნერს, პირდაპირ მისდევდა, არ გაუხვევია აბნერისაგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
20უკან მოჰხედა აბნერმა და უთხრა: ყასაელი ხარ? მიუგო: მე ვარ.
21უთხრა აბნერმა: გაუხვიე ხელმარცხნივ ან ხელმარჯვნივ, დაიჭირე რომელიმე ამ ჭაბუკთაგანი და წაართვი საჭურველი. არ ინდომა ყასაელმა და არ გაეცალა მას.
22კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: გამეცალე, რისთვის დაგაკლა მიწას? როგორ შევხედო მერე შენს ძმას,
23არ მოინდომა მან გაცლა და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.
24ახლა იოაბი და აბიშაი დაედევნენ აბნერს. მზის ჩასვლისას იმ ბორცვს მიაწიეს, გიახის გასწვრივ რომ დგას, გაბაონის უდაბნოს გზაზე.
25შეიყარნენ ბენიამინიანები აბნერთან, შეადგინეს ერთი რაზმი და ერთი ბორცვის წვერზე დადგნენ.
26გასძახა აბნერმა იოაბს და უთხრა: მუდამ ხომ არ უნდა ჭამდეს მახვილი? განა არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება? რატომ არ უბრძანებ შენს ხალხს, რომ თავი დაანებონ თავიანთი ძმების დევნას?
27უთხრა იოაბმა: ღმერთია მოწმე, შენ რომ არ გამოგეწვია, დილიდანვე მოეშვებოდა ჩემი ხალხი თავისი ძმების დევნას.
28ჩაჰბერა ბუკს იოაბმა და შედგა ხალხი; აღარ დასდევნებია ისრაელს და აღარც შებრძოლებიან ერთმანეთს.
29აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე მიდიოდნენ ტრამალზე, გავიდნენ იორდანეს გაღმა, გაიარეს მთელი ბითრონი და მიაღწიეს მახანაიმს.
30იოაბმა, როცა აბნერის დევნიდან დაბრუნდა, შეჰყარა მთელი ხალხი. დავითის მორჩილთ აკლდა ცხრამეტი კაცი და ყასაელი.
31ხოლო დავითის მორჩილებმა ბენიამინიანთაგან და აბნერის მებრძოლთაგან დახოცეს სამას სამოცი კაცი.
32წაასვენეს ყასაელი და დამარხეს ბეთლემს, მამამისის სამარხში; იარეს მთელი ღამე იოაბმა და მისმა კაცებმა და ხებრონში გაუთენდათ.
Next