Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1გაიმართა ხანგრძლივი ბრძოლა საულის სახლსა და დავითის სახლს შორის. დავითი უფროდაუფრო ძლიერდებოდა, ხოლო საულის სახლი უფროდაუფრო სუსტდებოდა.
2შეეძინა დავითს ვაჟიშვილები ხებრონში; პირმშო ამნონი იზრეყელელ ახინოყამისგან.
3მისი მომდევნო - ქილაბი აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან; მესამე - აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის, ასულისა.
4მეოთხე, ადონია - ხაგითის შვილი; მეხუთე, შეფატია - აბიტალის შვილი.
5მეექვსე, ყეგლას შვილი, დავითის ცოლისა; ყველა ესენი ხებრონში შეეძინა დავითს.
6საულის სახლსა და დავითის სახლს შორის ბრძოლაში აბნერს საულის სახლის მხარი ეჭირა.
7ჰყავდა ხარჭა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. უთხრა იშბოშეთმა აბნერს: რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?
8ძლიერ განრისხდა აბნერი იშბოშეთის სიტყვებზე და უთხრა: იუდას ძაღლთა თავი ხომ არ ვარ? დღეს სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის სახლს, მის ძმებსა და მოყვასებს და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში. ახლა ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ?
9ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და კიდევ უარესი მიუსართოს, თუ ისე არ მოვიქეცი, როგორც დავითს შეჰპირდა უფალი,
10მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავადგენ დავითის ტახტს ისრაელზე და იუდაზე დანიდან ვიდრე ბერშებამდე.
11სიტყვა ვეღარ შეუბრუნა აბნერს, რადგან ეშინოდა მისი.
12გაუგზავნა აბნერმა თავისგან მოციქულები დავითს, და დააბარა ეკითხათ: ვისია ქვეყანა? ეთქვათ: შეკარი კავშირი ჩემთან და, აჰა, ჩემი ხელი შენთან იქნება, რომ მოგიმხროს მთელი ისრაელი.
13თქვა დავითმა: კეთილი, შევკრავ შენთან კავშირს, ოღონდ ერთსა გთხოვ: ჩემს სახეს ვერ იხილავ, თუ მელქოლა, საულის ასული, არ მოგიყვანია ჩემთან, როცა ჩემს სანახავად მოხვალ.
14გაუგზავნა მოციქულები დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს, და შეუთვალა: მომეცი ჩემი ცოლი მელქოლა, რომელიც ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელით დავწინდე.
15გაგზავნა კაცი იშბოშეთმა მის წამოსაყვანად ქმრისგან, ფალტიელ ლაიშის ძისგან.
16წამოჰყვა ქმარი ქალს და გამუდმებით მოსტიროდა ბახურიმამდე. აქ უთხრა აბნერმა: წადი, გაბრუნდი. და ისიც გაბრუნდა.
17დაელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: გუშინაც, გუშინწინაც გინდოდათ დავითი მეფედ.
18ახლა აღასრულეთ ეს, რადგან უბრძანებია უფალს დავითზე: ჩემი მორჩილის დავითის ხელით, უნდა ვიხსნა ჩემი ერი, ისრაელი, ფილისტიმელთა ხელიდან და ყველა მტრის ხელიდან.
19ასევე ელაპარაკა აბნერი ბენიამინსაც. მერე დავითთან წავიდა ხებრონში, რომ ეთქვა მისთვის რაც სურდა ისრაელს და ბენიამინის მთელს სახლს.
20მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა. ლხინი გაუმართა დავითმა აბნერს და მის კაცებს.
21უთხრა აბნერმა დავითს: წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელს ისრაელს, აღთქმას დაგიდებენ და იმეფებ შენს ნებაზე. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.
22ამ დროს დაბრუნდნენ დავითის მორჩილნი და იოაბი თარეშიდან და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან. აბნერი არ იყო დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს, და ისიც წავიდა მშვიდობით.
23მოვიდნენ იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი და აცნობეს იოაბს: მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და ისიც წავიდა მშვიდობით.
24მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: ეს რა ჰქენი? აბნერი მოსულა შენთან, შენ კი გაგისტუმრებია და ისიც წასულა თავის ნებაზე.
25ხომ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს შენი ასავალ-დასავალი, და ყველაფერი ნახოს, რასაც აკეთებ.
26გამოვიდა იოაბი დავითისგან, კაცები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან დააბრუნა იგი, ისე რომ არაფერი გაუგია დავითს.
27როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ.
28როცა გაიგო მერე ეს ამბავი დავითმა, თქვა: ბრალი არ გვადევს მე და ჩემს სამეფოს უფლის წინაშე სამარადისოდ აბნერ ნერის ძის სისხლში.
29დაატყდეს იოაბის თავს და მამამისის სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელყავარჯნიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!
30ხოლო იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ, იმის გამო მოუსწრაფეს სიცოცხლე აბნერს, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი ბრძოლაში, გაბაონთან.
31უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ მთელს ხალხს: შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და დაიტირეთ აბნერი. მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა საკაცეს.
32როცა მარხავდნენ აბნერს ხებრონში, ხმამაღლა ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა მთელი ხალხი.
33იგლოვა მეფემ აბნერი და თქვა განა სამარცხვინო სიკვდილით უნდა მომკვდარიყო აბნერი?
34ხელი შეკრული არა გქონია, ფეხებზე ბორკილები არა გდებია. დაეცი, როგორც ბოროტმოქმედთა ხელით ეცემიან. კიდევ უფრო ატირდა ხალხი.
35ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურს სთავაზობდნენ დავითს. იფიცებიადა დავითი და ამბობდა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესი მომისართოს, თუ მზის ჩასვლამდე ვიგემო პური ან სხვა რამე.
36მაშინ ყველაფერს მიხვდა მთელი ხალხი და მოეწონათ ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც მეფე აკეთებდა.
37გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა ამ დღეს, რომ უბრალო იყო მეფე აბნერ ნერის ძის მკვლელრაში.
38უთხრა მეფემ თავის მორჩილთ: იცით თუ არა, როგორი სარდალი და დიდებული დაეცა დღეს ისრაელში?
39მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. მიუზღოს უფალმა ბოროტმოქმედს მისი ბორიატების წილ!
Next