თავი - 4
Previous1როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, წარეკვეთა იმედი და შეშფოთდა მთელი ისრაელიც.
2ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს, რაზმის მეთაურები, ერთს ერქვა ბაყანა, მეორეს - რექაბი; რიმონ ბეეროთელის ძენი იყვნენ, ბენიამინის ტომიდან, რადგან ბეეროთი ბენიამინს ეკუთვნოდა.
3თავად ბეეროთელნი გეთაიმში გაიქცნენ და დღემდე იქ მდგმურობენ.
4იონათანს, საულის ძეს, ერთი ვაჟი დარჩა, ფეხმტკივანი. ხუთი წლის იყო, როცა საულსა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან. ხელში აიყვანა იგი ძიძამ და გაიქცა; გაქცევისას დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მისი სახელი - მეფიბოშეთი.
5წავიდნენ რიმონ ბეეროთელის ვაჟები - რექაბი და ბაყანა და დღის ხვატში მიადგნენ იშბოშეთის სახლს. ის კი საწოლზე იწვა და ეძინა შუადღის ძილით.
6აჰა, შევიდნენ შიგ სახლში, ვითომდა ხორბლის საყიდლად, და მეხუთე ნეკნთან ჩასცეს მახვილი. მერე მიიმალნენ რექაბი და მისი ძმა ბაყანა.
7შევიდნენ სახლში, როცა თავის საწოლზე ეძინა, საძილე ოთახში; მახვილი ჩასცეს, მოკლეს და თავი მოაჭრეს. წამოიღეს მისი თავი და მთელი ღამე იარეს უდაბნოს გზით.
8მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: აჰა, იშბოშეთის თავი, საულის, შენი მტრის ძისა, რომელსაც შენი სიკვდილი უნდოდა. შური უძია უფალმა ჩემს მეფე-ბატონს საულისგან და მისი ნაშიერისგან.
9მიუგო დავითმა რექაბს და მის ძმას ბაყანას, ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, და უთხრა: ვფიცავ უფალს, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისაგან!
10თუკი მაცნე, რომელმაც შემატყობინა საულის სიკვდილი და კეთილის მახარობელი ეგონა თავი, შევიპყარი და მოვკალი ციკლაგში, იმის ნაცვლად რომ სამახარობლო მიმეცა,
11რას იმსახურებენ ის ბოროტეული კაცები, რომელთაც უდანაშაულო კაცი თავისსავე სახლში, თავის საწოლში მოკლეს? ახლა განა თქვენ ხელს არ უნდა მოგკითხოთ მისი სისხლი და აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან.
12უბრძანა დავითმა მსახურებს და დახოცეს ისინი, ხელ-ფეხი დააჭრეს და ტბორზე გადმოკიდეს ხებრონში. ხოლო იშბოეთის თავი აიღეს და აბნერის საფლავში დამარხეს, ხებრონში.
Next