Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
2წინათაც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი, შენ გითხრა უფალმა: შენ უნდა მწყემსო ჩემი ერი ისრაელი, შენ უნდა იყო ისრაელის წინამძღოლი.
3მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათგან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი.
4ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა და იმეფა ორმოცი წელი.
5ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე; იერუსალიმში მეფობდა ოცდაცამეტი წელი მთელს ისრაელზე და იუდაზე.
6გაილაშქრეს დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმისკენ იებუსეველთა, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ. ხოლო მათ ასე უთხრეს დავითს: ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან. ამბობდნენ: ვერ შემოვაო დავითი.
7მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
8თქვა იმ დღეს დავითმა: იებუსეველებთან შებრძოლებულმა მახვილით მოსრას კოჭლი და ბრმა, დავითის მოძულე. ამიტომაც ამბობენ, კოჭლი და ბრმა არ შევიდესო ტაძარში.
9დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში და უწოდა მას დავითის ქალაქი; და ააშენა დავითმა მილოს გარშემო და შიგნით.
10სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და უფალი, ცაბაოთ ღმერთი მასთან იყო.
11გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები, ფიჭვის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს.
12მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი მეფობა თავისი ერის, ისრაელის გამო.
13კიდევ მოიყვანა იერუსალიმში დავითმა ხარჭები და ცოლები ხებრონიდან მოსვლის შემდეგ და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.
14აჰა, მათი სახელები, ვინც იერუსალიმში შეეძინა მას: შამყუაყი, შობაბი, ნათანი და სოლომონი.
15იბსარი, ელიშუაყი, ნეფეგი და იაფიაყი,
16ელიშამაყი, ელიადაყი და ელიფალეტი.
17შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და დაიძრნენ ფილისტიმელები დავითის შესაპყრობად. შეიტყო დავითმა და ციხე-სიმაგრეში შევიდა.
18მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
19დაეკითხა დავითი უფალს: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ? მიუგო უფალმა დავითს: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
20მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემს წინაშე, როგორც წყალი წალეკავს; ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაალ-ფერაციმი.
21იქ მიატოვეს თავიანთი კერპები და დავითმა და მისმა კაცებმა წაიღეს ისინი.
22კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
23დაეკითხა დავითი უფალს. მიუგო: პირისპირ ნუ მიეჭრები. უკან მოუარე და ფიჭვნარის მხრიდან მიადექი.
24როგორც კი ფიჭვების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმწამსვე შეიმართე, რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრავად.
25ისე მოიქცა დავითი, როგორც დაარიგა იგი უფალმა, და გაბაონიდან გაზერამდე მუსრს ავლებდა ფილისტიმელებს.
Next