თავი - 6
Previous1კვლავ შეკრიბა დავითმა ყველა რჩეული ისრაელში, ოცდაათი ათასი კაცი;
2ადგა და წავიდა დავითი მთელი ხალხითურთ, ვინც მასთან იყო, იუდას ბაალედან, რომ ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელსაც ეწოდა სახელი ცაბაოთ უფლისა, ქერუბიმებზე მჯდომარისა.
3შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოიღეს აბინადაბის სახლიდან, გიბყაში რომ არის. ყუზა და ახიო, აბინადაბის ვაჟები, მიუძღოდნენ ამ ახალ ურემს.
4გამოიდგნეს აბინადაბის სახლიდან, გიბყაში რომ არის; ყუზა ღვთის კიდობნის გვერდით მოდიოდა, ახიო წინ მიუძღვებოდა კიდობანს.
5დავითი და მთელი ისრაელის სახლი უკრავდნენ უფლის წინაშე კვიპაროსის ხის საკრავებს, ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
6როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან კინაღამ გამოაგდეს იგი ხარებმა.
7აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.
8შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება ამ ადგილს ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
9შეეშინდა უფლისა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე უფლის კიდობანი?
10არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის მოტანა თავისთან, დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გაახვევინა.
11სამი თვე ესვენა უფლის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი კარ-მიდამო.
12როცა შეატყობინეს დავითს, აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის კარ-მიდამო და მთელი მისი საბადებელიო, წავიდა დავითი და სიხარულით ამოიტანა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის კარმიდამოდან დავითის ქალაქში.
13უფლის კიდობნის გადატანისას, ყოველ ექვს ნაბიჯზე თითო ხარსა და ნაპატივებ ვერძს სწირავდა მსხვერპლად.
14რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე; სელის ეფოდი ემოსა დავითს.
15ყიჟინითა და ბუკის ცემით მიჰქონდათ უფლის კიდობანი დავითისა და ისრაელის მთელ სახლს.
16როცა უფლის კიდობანი შევიდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოხედა საულის ასულმა მელქოლამ, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში.
17მიიტანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს თავის ადგილზე კარავში, რომელიც გაშლილი ჰქონდა მისთვის დავითს. მერე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირა დავითმა უფალს.
18როცა მორჩა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლის შეწირვას, ცაბაოთ უფლის სახელით დალოცა ერი.
19ჩამოურიგა მთელს ერს, ისრაელის მთელს კრებულს, კაცსა და დედაკაცს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა. მერე თავ-თავის სახლებში წავიდა ხალხი.
20როცა დაბრუნდა დავითი თავისი სახლის დასალოცად, გამოეგება მელქოლა, საულის ასული, დავითს და უთხრა: როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა დღეს თავის მორჩილთა და მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე.
21მიუგო დავითმა მელქოლას: უფლის წინაშე, რომელმაც მამჯობინა მამაშენს და მთელს მას სახლს, როცა დამადგინა უფლის ერის, ისრაელის წინამძღოლად, უფლის წინაშე სიხარულით ვიროკებ.
22რაც უფრო დავმცირდები და დავმდაბლდები ჩეძს თვალში, მით უფრო დიდებული გამოვჩნდები მხევაღთა წინაშე, მათ წინაშეც კი, შენ რომ ახსენე.
23მელქოლას, საულის ასულს, არ ჰყოლია შვილი სიკვდილის დღემდე.
Next