Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1როგორც კი დაიწყო ცხოვრება მეფემ თავის სახლში, მოასვენა იგი უფალმა ირგვლივ მტრებისგან.
2უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი სავანის ქვეშ ასვენია.
3უთხრა ნათანმა მეფეს: გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი.
4იმ ღამით იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა:
5წადი და უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
6მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ისრაელიანები, მუდამ კარავში და სავანეში ვიმყოფებოდი მგზავრობისას.
7ნუთუ ისრაელიანთა შორის მოარულს ოდესმე მითქვამს ისრაელის რომელიმე შტოსთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
8ახლა ასე უთხარი ჩემა მორჩილს დავითს. ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.
9ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია; მინადგურებია შენი მტრები შენს წინაშე; განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეეანაზე.
10ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ ძველებურად.
11იმ დროიდან, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. უფალი გამცნობს შენ, რომ სახლს აგიშენებს უფალი.
12როცა დრო მოგივა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ.
13ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე გავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ.
14მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. თუ დააშავებს, გავწკეპლავ კაცთა წესით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.
15არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე.
16მტკიცედ იდგება მისი სახლი და სამეფო სამარადისოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ.
17თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.
18მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა. ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე!
19ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, უფალო ღმერთო ჩემო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. ადამის ძეთა წესია ეს, უფალო ღმერთო ჩემო.
20კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო ჩემო!
21შენი სიტყვისათვის და შენი გულის თანახმად სჩადიხარ ამ სადიადეს და ამცნობ შენს მორჩილს.
22ამიტომაც დიდი ხარ შენ, უფალო ღმერთო; რადგან არავინაა შენი მსგავსი, არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ.
23თუ არის ამქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც მოვლენია ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდა იგი, რომ ექცია თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი ამბები შენი ქვეყნისთვის ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, ხალხებისგან და ღმერთებისგან?
24შენ განამტკიცე შენთვის შენი ერი ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი!
25ახლა სამარადისოდ განამტკიცე, უფალო, ღმერთო, ეგ სიტყვა, შენს მორჩილზე და მის სახლზე რომ გიბრძანებია, აღასრულე, როგორც ნაბრძანები გაქვს.
26იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: ცაბაოთ უფალი ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი!
27რადგან ეს შენ იყავი, ცაბაოთ უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ.
28ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი სიტყვები ჭეშმარიტია, და შენი მორჩილისთვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული.
29ახლა მოდი, აკურთხე შენი მორჩილის სახლი, რომ სამარადისოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ეს შენ წარმოთქვი, უფალო ჩემო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მორჩილის სახლი სამარადისოდ!
Next