Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და წაართვა დავითმა ფილისტიმელებს ბატონობის სადავეები.
2დაამარცხა მოაბიც, მიწაზე წააწვინა ისინი და ბაწრით გაზომა: ორი ბაწარი მოსაკლავად გადაზომა, ერთი მთელი ბაწარი - ცოცხლად დასატოვებლად. შეიქნა მოაბი დავითის მორჩილი და მოხარკე.
3დაამარცხა დავითმა ჰადარყეზერ რეხობის ძე, ცობას მეფე, როცა იგი ევფრატზე ბატონობის დასაბრუნებლად მიდიოდა.
4წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი ცხენოსანი და ოცი ათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი ეტლი დაიტოვა მათგან.
5მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორი ათას კაცს.
6დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და შეიქნენ არამელები დავითის მორჩილნი და მოხარკენი. ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი ეწეოდა დავითს.
7აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მორჩილთ რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
8დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ბეტახიდან და ბეროთიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან,
9შეიტყო თოყიმ, ხაბათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს,
10და გაგზავნა თოყიმ თავისი ძე იორამი დავითთან მოსაკითხავად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ყადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
11ეს ჭურჭელიც შესწირა მეფე დავითმა უფალს იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა -
12არამს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელებს, ყამალეკს, აგრეთვე ჰადარყეზერ რეხობის ძეს, ცობას მეფეს.
13გაითქვა სახელი დავითმა ჩვიდმეტი ათასი არამელის დამარცხების შემდეგ მარილოვან ველზე.
14დააყენა ედომში ხელისუფალნი; მთელს ედომში დააყენა ხელისუფალნი და შეიქნა მთელი ედომი დავითის მორჩილი. ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი ეწეოდა დავითს.
15მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა მთელს თავის ხალხს.
16იოაბ ცერუიას ძე, ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე, მემატიანე იყო.
17ცადოკ ახიტუბის ძე და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია - მწერალი.
18ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განმგებლობდა; დავითის შვილები სამეფო მრჩევლები იყვნენ.
Next