Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1მოედო სამუელის ამბავი მთელს ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.
2დაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ; შენივთდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმეღებთან; ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე.
3ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ სილოამიდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენს შორის და გვიხსნას მტრების ხელიდან.
4შეთვალა ხალხმა სილოამში და მოიტანეს ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ელის ორი ვაჟი - ხოფნი და ფინხასი ახლდა ღვთის აღთქმის კიდობანს.
5როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში მოვიდა, მაღალი ხმით იგრიალა მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა.
6მოესმათ ფილისტიმელებს გრიალი და თქვეს: ეს რა გრიალი დგას ებრაელთა ბანაკში? შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.
7შეეშინდათ ფილისტიმელებს, როცა ითქვა: ღმერთი მოვიდაო ბანაკში. თქვეს: ვაი ჩვენ, რადგან ასეთი რამე არც გუშინ, არც გუშინწინ არ მომხდარა.
8ვაი ჩვენ, ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთებისგან! ეს ისინი არიან, ის ღმერთებია, ეგვიპტელები რომ გვემეს უდაბნოში ყოველგვარი საგვემელით.
9გამაგრდით და ვაჟკაცურად იყავით, ფილისტიმელებო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს, როგორც თქვენ გემონებიან. ვაჟკაცურად დადექით და შეებრძოლეთ.
10შეებრძოლენ ფილისტიმელები და დამარცხდა ისრაელი; გაიქცნენ თავ-თავიანთ კარვებში; მეტისმეტად დიდი იყო მარცხი: სამი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.
11წაიღეს ღვთის კიდობანი, დაიხოცა ელის ორივე ვაჟი - ხოფნი და ფინხასი.
12გამოიქცა ერთი ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა სილოამს. სამოსელი შემოჰგლეჯოდა და მიწის მტვერი ეყარა თავზე.
13მოვიდა და, აჰა, ზის ელი თავის საკარცხულზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უკრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მოვიდა კაცი ამბის შესატყობინებლად ქალაქში და აკივლდა მთელი ქალაქი.
14მოესმა კივილის ხმა ელის და თქვა: ეს რა ხმაურია. საჩქაროდ მივიდა ის კაცი და ყველაფერი უამბო ელის.
15ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა.
16უთხრა კაცმა ელის: ლაშქრიდან მოვდივარ, დღეს გამოვიქეცი ლაშქრიდან. ჰკითხა ელიმ: რა ამბავი იყო, შვილო?
17მიუგო მაცნემ და უთხრა: უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც - ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია.
18როგორც ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ელი საკარცხულიდან კარისკენ, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
19მისი რძალი, ფინხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, როცა გაიგო, ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის დახოცვის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწია შობის ჟამმა.
20როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ თავზე მდგომნი: ნუ გეშინია, რადგან ვაჟი გეყოლაო, მაგრამ ქალი არ პასუხობდა, უგრძნობი იყო მისი გული.
21დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი (უპატიობა), თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, ღვთის კიდობნის წაღების გამო, მისი მამამთილისა და ქმრის გამო.
22თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, რადგან წაღებულია ღვთის კიდობანი.
Next