Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ელისთან. უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში; ხილვები არ იყო ხშირი.
2ერთხელ ელი თავის ადგილზე იწვა (თვალები დასნეულებული ჰქონდა და ვეღარ ხედავდა),
3ღვთის სანთელი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი და სამუელს უფლის ტაძარში ეძინა, სადაც ღვთის კიდობანი იდგა.
4დაუძახა უფალმა სამუელს. გაეპასუხა: აქა ვარ.
5გაიქცა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, წადი, დაწექი. ისიც წავიდა და დაწვა.
6კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ელისთან და უთხრა: -აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, შვილო, წადი, დაწექი.
7ჯერ კიდევ ვერ სცნობდა სამუელი უფალს, ჯერ არ გამოსცხადებოდა მას უფლის სიტყვა.
8მესამეგზის დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა, მივიდა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. მიხვდა ელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს.
9უთხრა ელიმ სამუელს: წადი, დაწექი. თუ დაგიძახეს, უთხარი: ბრძანე, უფალო, გისმენს შენი მორჩილი. წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე.
10მოვიდა უფალი და დადგა, კვლავ დაუძახა წინანდებურად: სამუელ, სამუელ! უთხრა სამუელმა: ბრძანე, რადგან გისმენს შენი მორჩილი.
11უთხრა უფალმა სამუელს: ისეთ რასმე მოვახდენ ისრაელში, რომ ყოველ მის მსმენელს ორთავე ყური გაუყრუვდება.
12იმ დღეს თავიდან ბოლომდე აღვასრულებ ელიზე ყველაფერს, რაც მის სახლზე წარმოვთქვი.
13ხომ გამოვეცხადე, რომ უკუნისამდე განვსჯიდი მის სახლს უკეთურების გამო, რადგან იცოდა, რომ თავს ირცხვენდნენ მისი შვილები და არ ამხილებდა მათ.
14ამიტომაც დავემუქრე ელის სახლს, არც მსხვერპლით და არც ძღვენით არ გამოისყიდება-მეთქი უკუნისამდე ელის სახლის უკეთურება.
15დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ელისთვის ეს ხილვა.
16დაუძახა სამუელს და უთხრა: სამუელ, შვილო! მიეგო: აქა ვარ.
17უთხრა ელიმ: რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.
18უამბო სამუელმა მთელი ნალაპარაკევი, არაფერი დაემალავს მისთვის. თქვა ელიმ: უფალი ყოფილა. ქმნას, რაც ენებოს.
19იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. ფუჭად არ ჩაუვლია არცერთ მის სიტყვას.
20შეიტყო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბერშებამდე, რომ სამუელი უფლის წინასწარმეტყველად იქნა დამტკიცებული.
21კვლავ ცხადდებოდა სილოამში უფალი მას შემდეგ, რაც მოევლინა უფალი სამუელს სილოამში უფლის სიტყვის მეშვეობით.
Next