Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ილოცა ხანამ და თქვა: გამიხალისდა გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა; გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით.
2არავინ არს უფალივით წმიდა, რადგან არავინ არის შენს გარდა, არავინ არის ღმერთივით მფარველი.
3აღარ ილაპარაკებთ მედიდურად, აღარ გამოვა თავხედები სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია.
4ძლიერთა მშვილდი დალეწილია, უძლურნი ძალას შემოისარტყლავენ.
5მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი აღარ შიმშილობენ; საშოდახშულმა შვიდი დაბადა, მრავალშვილიანი დაჭკნა.
6უფალი აკვდინებს და აცოცხლებს; შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
7უფალი აღატაკებს და ამდიდრებს; დაამდაბლებს და აღამაღლებს.
8საპყარს მტვერიდან წამოაყენებს, სანეხვედან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა.
9თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
10უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან დამეხავს მათ უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს.
11წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი მღვდელ ელისთან დარჩა უფლის მსახურად.
12უგვანები იყვნენ ელის ვაჟები: არც უფალი იცოდნენ
13და არც მღვდლობის მოვალეობა ხალხის წინაშე. როცა კი ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას ახალგაზრდა მღვდელი სამკაპით ხელში,
14ჩაჰკრავდა ავაზანში, ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელს ისრაელს, სილოამში მიმსვლელს.
15ქონის დაწვამდეც მოდიოდა ახალგაზრდა მღვდელი და ეუბნებოდა საკლავის პატრონს: მიეცი მღვდელს შესაწვავი ხორცი. მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი.
16თუ ეტყოდა ვინმე: ქონს დაწვავენ და მერე წაიღე, რაც გენებოსო, მიუგებდა: არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ.
17ძალზე დიდი იყო ახალგაზრდა მღვდლების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდა ეს ხალხი საუფლო ძღვენს.
18სამუელი უფლის მსახურად იყო, სიყრმიდანვე სელის ეფოდი ემოსა.
19პატარა წამოსასხამს უკერავდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ქმართან ერთად ყოველწლიურად მსხვერპლის შესაწირად ამოდიოდა.
20აკურთხებდა ხოლმე ელი ელკანას და მის ცოლს და ეტყოდა: უფალი მოგცემს ამ ქალისგან შთამომავლობას მიბარებულის ნაცვლად, რომელიც უფალს მიაბარე. და ბრუნდებოდნენ უკან.
21მოჰხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ვაჟი და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფალთან იზრდებოდა.
22ძალზე მოხუცდა ელი. გაგებული ჰქონდა ყველაფერი, როგორ ექცეოდნენ მისი შვილები მთელს ისრაელს, რომ წვებოდნენ იმათ ცოლებთან, ვინც სადღესასწაულო კარვის კართან სამსახურს სწევდა.
23ეუბნებოდა მათ: რატომ აკეთებთ ამას? ხალხისგან მესმის თქვენი უკეთურობის ამბავი.
24ნუ იზამთ, შვილებო! ცუდი ხმები მესმის. გზიდან აცდენთ უფლის ერს.
25თუ კაცმა კაცს შესცოდა, ღვთის სამართალია ქომაგი; თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ გამოექომაგება? არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან ნებავდა უფალს მათი დაღუპვა.
26ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მშვენდებოდა უფლისა და ხალხის თვალში.
27მივიდა ერთი ღვთისკაცი ელისთან და უთხრა: ასე თქვა უფალმა: ხომ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის სახლში ყოფნისას?
28ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, რომ ეფოდი ეტარებინა ჩემს წინაშე. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი.
29რატომ წიხლავთ ჩემს მსხვერპლს და შესაწირავს, ტაძრისთვის რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის შესაწირავის ნათავარით?
30ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან.
31აჰა, მოაწია ჟამმა და უნდა მოვკვეთო შენი მკლავი და მამაშენის სახლის მკლავი ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში.
32დაინახავ მეტოქეს ტაძარში, როცა კეთილი დღე დაუდგება ისრაელს, შენს სახლში კი მოხუცებული არასოდეს იქნება.
33ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები გევსებოდეს და სული გიწუხდეს. მაგრამ შენი სახლის მთელი მამრული მონაგარი გაწყდება.
34აჰა, ნიშანი, რომელიც ახდება შენს ორ ვაჟზე - ხოფნიზე და ფინხასზე: ერთ დღეს დაიხოცებიან ორთავენი.
35დავიყენებ ურყევ მღვდელს, რომელიც ჩემს ნებაზე მოიქცევა, ავუშენებ ურყევ სახლს, რათა სულ მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს.
36მივა მასთან შენს სახლში დარჩენილი ვინმე და თაყვანს სცემს მას გროშისა და პურის ნატეხისთვის და ეტყვის: მომეცი სამღვდელო რამ ხარისხი, რომ ლუკმაპური ვჭამო.
Next