თავი - 1
Previous1იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა ელკანა, ძე იეროხამისა, ელიჰუს ძისა, თოხუს ძისა, ცუფის ძისა, ეფრათელი.
2ორი ცოლი ესვა: ერთს ერქვა ხანა, მეორეს - ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
3ყოველ წელიწადს ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან ცაბაოთ უფლისათვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირავად სილოამში, სადაც ელის ორი ვაჟი ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდლები იყვნენ.
4შესწირავდა მსხვერპლს ელკანა და მისცემდა ხოლმე წილს ფენინას, თავის ცოლს და მის ვაჟებსა და ასულებს.
5ხანას კი ზედმეტ წილს აძლევდა, რადგან უყვარდა ხანა, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა.
7ასე იქცეოდა კაცი ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახლში ადიოდა; და ფენინა აწუხებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8ელკანა, მისი ქმარი, ეუბნებოდა: ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?
9ადგა ერთხელ ხანა სმა-ჭამის შემდეგ სილოამში. ელი მღვდელი კი საკარცხულზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
10სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.
11აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.
12დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ხოლო ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
13რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა, ბაგეებს ამოძრვებდა, ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ელიმ.
14უთხრა ელიმ: რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოიფხიზლე ღვინისგან.
15მიუგო ხანამ და უთხრა: არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს.
16უგვანი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მორჩილი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენხანს.
17მიუგო ელიმ და უთხრა: წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთი აგისრულებს სათხოვარს, რასაც მოითხოვ მისგან.
18თქვა ქალმა: ნეტავ მადლი პოვოს შენმა მორჩილმა შენს თვალში. და წავიდა ქალი თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე.
19ადგნენ დილაადრიანად და თაყვანი სცეს უფალს. როცა დაბრუნდნენ რამათს და მივიდნენ თავიანთ სახლში, მეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.
20ერთი წლის შემდეგ დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან: უფალს გამოვთხოვეო იგი.
21წავიდა კაცი ელკანა მთელი თავისი სახლითურთ უფლისათვის ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად.
22ხანა არ წასულა, უთხრა ქმარს: როცა ძუძუს მოსწყდება, მაშინ წავიყვან. გამოცხადდება უფლის წინაშე და სამუდამოდ იქ დარჩება.
23უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: ისე მოიქეცი, როგორც გერჩიოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე. იღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი ნათქვამი. დარჩა ცოლი და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა.
24როცა გამოზარდა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, სილოამში. თან სამი კურატი, ერთი ეფა ფქვილი და ერთი ტიკი ღვინო წაიტანა. ჯერ კიდევ ჩვილი იყო ყმაწვილი.
25დაკლეს კურატი და ელის მიუყვანეს ყმაწვილი.
26თქვა ქალმა: იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი, შენს ახლოს, და უფალს ვევედბებოდი.
27ამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და, აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რასაც ვთხოვდი.
28ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული. და თაყვანი სცა იქ უფალს.
Next