Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1ავიდა ბოყაზი კარიბჭესთან და იქ დაჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ნათესავმა კაცმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა: მოდი, სახელით მოუხმო, აქ დაჯექიო. ისიც მივიდა და დაჯდა.
2მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა: დასხედით აქ. ისინიც დასხდნენ.
3უთხრა ბოყაზმა იმ ნათესავს: ჩვენი მოძმის, ელიმელექის, ყანის ნაკვეთი გაყიდა მოაბის ველებიდან დაბრუნებულმა ნაყომიმ.
4ახლა ამას გიცხადებ: იყიდე ყანა აქ მსხდომთა და ხალხის უხუცესთა თანდასწრებით. თუ გსურს ენათესავო, ენათესავე. თუ არა და, მითხარი და მეცოდინება, რადგან შენზე წინ არავისა აქვს ნათესაობის უფლება. მე მხოლოდ შენს შემდეგ ვარ. თქვა: ვუნათესავებ.
5თქვა ბოყაზმა: როცა ნაყომისგან ყანას იყიდი, მოაბელი რუთისგან, გარდაცვლილის ცოლისგანაც უნდა იყიდო, რომ სახელი აღუდგინო თავის სამკვიდროში გარდაცვლილს.
6თქვა ნათესავმა: ვერ ვუნათესავებ. ვაითუ, ჩემი სამკვიდრო დავაზარალო. შენ შეასრულე ჩემი უფლება ნათესაობისა, რადგან მე არ შემიძლია, რომ ვუნათესავო.
7ასე იქცეოდნენ ძველად ისრაელში სყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს: გაიძრობდა ერთი ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში.
8უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: შენ იყიდე! და გაიძრო ფეხსამოსი.
9უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელს ხალხს: დღეს თქვენ მოწმენი ხართ, რომ მე ვყიდულობ ნაყომისგან ელიმელექის მთელს საბადებელს, და ქილიონისა და მახლონის მთელს საბადებელს,
10და ცოლად მიმყავს მოაბელი რუთიც, მახლონის ცოლი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რომ არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი მის მოძმეთა შორის და იმ უბნის კარიბჭესთან, სადაც ის ცხოვრობდა. ამის მოწმენი ხართ დღეს თქვენ.
11უთხრეს კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი დედაკაცი რახელივით და ლეასავით, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი. ქმენი სიქველე ეფრათაში და გაითქვი სახელი ბეთლემში.
12გახდეს შენი სახლი სახლივით ფერეცისა (რომელიც თამარმა უშვა იუდას) იმ ნაშიერიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისაგან.
13წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი. შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ვაჟი.
14უთხრეს დედაკაცებმა ნაყომის: კურთხეულია უფალი, რომელმაც ნათესავი არ მოგიშალა დღეს! იხსენებოდეს ისრაელში მისი სახელი!
15შენი სიბერის ნუგეშად და სასოდ გეყოლოს, რადგან შვა იგი შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია.
16მიირქვა ნაყომიმ ბავშვი, უბეში ჩაისვა და გახდა მისი გამდელი.
17სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს, თქვეს: ვაჟი შეეძინა ნაყომის! და დაარქვეს სახელად ყობედი. ეს იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
18აი, ფერეცის შთამომავლობა: ფერეცმა შვა ხეცრონი,
19ხეცრონმა შვა რამი, რამმა შვა ყამინაბადი,
20ყამინაბადმა შვა ნახშონი, ნახშონმა თქვა სალმონი,
21სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი,
22ყობედმა შვა იესე, იესემ შვა დავითი.
Next