Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას.
2და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი.
3მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი.
4და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე.
5აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა.
6და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად.
7პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა.
8მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.
9და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა.
10მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა.
11ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ.
12მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის.
13მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს.
Next