Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;
2გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.
3გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ.
4და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე.
5და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს.
6იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ.
7ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა.
8მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას.
9ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად.
10ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში.
11მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ.
12ერთმა ვაებამ გადაიარა: აჰა, მოდის ამის შემდეგ ორი ვაება.
13მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე;
14და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა.
15და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა.
16და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი.
17ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი.
18და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა.
19რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს.
20დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული.
21არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი.
Next