Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ.
2და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა:
3ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს.
4და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან:
5იუდას ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი, რუბენის ტომიდან თორმეტი ათასი, გადის ტომიდან თორმეტი ათასი,
6ასერის ტომიდან თორმეტი ათასი, ნეფთალების ტომიდან თორმეტი ათასი, მანასეს ტომიდან თორმეტი ათასი,
7სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი, ლევის ტომიდან თორმეტი ათასი, ისახარის ტომიდან თორმეტი ათასი,
8ზაბულონის ტომიდან თორმეტი ათასი, იოსების ტომიდან თორმეტი ათასი, ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი.
9შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი.
10ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის!
11ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა:
12ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთს ჩვენსას უკუნითი უკუნისამდე.
13მომმართა ერთმა უხუცესმა და მითხრა: ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან?
14მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.
15ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით.
16ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.
17რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
Next