Eleos

Contents

თავი - 21

Previous
1მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.
2ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული.
3და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან.
4შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.
5ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი.
6კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს.
7მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე.
8მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი.
9მაშინ მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც ჰქონდათ უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ ქალს, სასძლოს კრავისას.
10ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით,
11და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
12ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი.
13აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი.
14ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი.
15ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი.
16ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ.
17გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა.
18თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი.
19ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული: პირველი საძირკველი - იასპით, მეორე - საფირონით, მესამე - ქალკედონით, მეოთხე - ზურმუხტით,
20მეხუთე - სარდონიკით, მეექვსე - სარდიონით, მეშვიდე - ქრისოლითით, მერვე - ბივრილით, მეცხრე - ტოპაზით, მეათე - ქრისოპრასით, მეთერთმეტე - იაკინთით, მეთორმეტე - ამეთვისტოთი.
21თორმეტი ბჭე თორმეტი მარგალიტი იყო, თვითეული ბჭე თითო მარგალიტია, ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი.
22ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი.
23ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.
24ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში.
25მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ.
26და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს.
27ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.
Next