თავი - 20
Previous1ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.
2და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით.
3უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.
4ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.
5დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა.
6ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს.
7ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან.
8და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა,
9მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.
10ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე.
11მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი.
12და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები.
13ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული.
14სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი.
15ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.
Next