Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1შემდგომ ამისა, მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, რომელიც ამბობდა: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა!
2რადგანაც ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვა, ვინაიდან განიკითხა დიდი მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი.
3განმეორებით ითქვა: ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე.
4ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს, და თქვეს: ამინ! ალილუია!
5და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.
6და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი.
7გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი.
8და მიეცა მას შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა იგი.
9და მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვები ღვთისა.
10ფეხქვეშ ჩავუვარდი, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას; თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესოსი. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი, რადგანაც იესოს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული.
11ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
12თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა.
13სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა.
14ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი.
15მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი.
16ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი.
17და ვიხილე გზაზე მდგარი ერთი ანგელოზი, ხმამაღლა რომ შესძახა და უთხრა შუა ცაში მფრინავ ყველა ფრინველს: მოდით და ღვთის დიდ სერობაზე შემოკრბით,
18რათა ჭამოთ მეფეთა, ათასისთავთა და ძლიერთა ხორცი, ცხენთა თუ მხედართა, მონათა თუ თავისუფალთა, დიდთა თუ მცირეთა ხორცი.
19ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი, რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას.
20შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.
21დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს.
Next