თავი - 22
Previous1და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
2მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.
3აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.
4იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი.
5ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
6და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე.
7აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს.
8მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა.
9მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი.
10კვლავ მითხრა მე: ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგანაც ახლოა ჟამი.
11უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს.
12აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს.
13მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.
14ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში.
15ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან.
16მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი.
17სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი.
18ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში.
19ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში.
20ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო!
21ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.