Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.
2მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.
3ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ.
4და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?
5მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.
6და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი.
7და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.
8და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა.
9ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
10ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა.
11მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.
12ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.
13და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
14და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.
15და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.
16და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
17ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.
18აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.
Next