Eleos

Contents

თავი - 14

Previous
1და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა.
2და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე.
3და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით.
4ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.
5მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან.
6და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის.
7და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი.
8მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა.
9მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით,
10ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.
11კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.
12აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.
13და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი.
14გავიხედე და, აჰა, თეთრი ღრუბელი, ღრუბელზე კი მჯდომარე, კაცის ძის მსგავსი: თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი.
15გამოვიდა მეორე ანგელოზი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბელზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად.
16ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა.
17სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც მჭრელი ნამგალი.
18გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება ცეცხლზე და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს: მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქვეყნად.
19დაუშვა ანგელოზმა ნამგალი ქვეყნად და მოისთვლა მტევნები ქვეყნისა და ჩაყარა ისინი ღვთის რისხვის ვეება საწნახელში.
20დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის მანძილზე.
Next