Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.
2მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული.
3სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.
4კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი.
5და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე.
6ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე.
7და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.
8მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.
9და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.
10მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით.
11იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.
12მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი.
13და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი.
14მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე.
15მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს.
16მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან.
17მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.
Next