თავი - 9
Previous1მივიდა აბიმელექ იერუბაალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, უთხრა მათ და თავისი დედის მთელს საგვარეულოს.
2სათითაოდ უთხარით ყველა შექემელს: რა გირჩევნიათ, იერუბაალის შვილები, სამოცდაათივე კაცი იყოს თქვენი ხელისუფალი, თუ მე, ერთი კაცი, გყავდეთ ხელისუფლად? გახსოვდეთ ძვალი და ხორცი ვარ თქვენი.
3დედის ძმები სათითაოდ ელაპარაკნენ მასზე შექემელებს და გადაიხარა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ძმა არის ჩვენი.
4მისცეს ბაალ-ბერითის სახლიდან სამოცდაათი ვერცხლი. დაიქირავა ამით უღირსი და თავზეხელაღებული ხალხი, რომელიც გაჰყვა მას.
5მივიდა ოფრაში, მამის სახლში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაალის შვილები - სამოცდაათი კაცი. მხოლოდ იოთამი, იერუბაალის უმცროსი ვაჟი გადარჩა, რადგან დამალული იყო.
6მოიყარა თავი ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, მივიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან, შექემში რომ დგას.
7შეატყობინეს იოთამს და ისიც წავიდა, გადმოდგა გარიზიმის მთაზე და ხმამაღლა გადმოსძახა მათ: მისმინეთ, შექემელებო, აგრემც ღმერთი მოგისმენთ.
8გადაწყვიტეს ერთხელ ხეებმა, მეფე აერჩიათ. უთხრეს ზეთისხილს: გახდი ჩვენი მეფე.
9ზეთისხილმა უთხრა: დავთმო სიმსუყე, ჩემში რომ არის, ღმერთთაგან და კაცთაგან პატივდებული, და ხეებს გადავყვე?
10უთხრეს ხეებმა ლეღვს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
11ლეღვმა უთხრა: დავთმო ჩემი სიტკბო, ჩემი კარგი ნაყოფი და ხეებს გადავყვე?
12უთხრეს ხეებმა ვაზს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
13ვაზმა უთხრა: დავთმო ჩემი წვენი, ღმერთთათვის და კაცთათვის შვების მომგვრელი, და ხეებს გადავყვე?
14ბოლოს უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
15უთხრა კვრინჩხმა ხეებს: თუ მართლა გინდათ თქვენი მეფე გავხდე, ჩემს ჩრდილს შემოეფარეთ. არადა, ამოვარდება კვრინჩხიდან ცეცხლი და შთანთქავს ლიბანის ნაძვებს.
16აბა, დაფიქრდით, სწორად და პატიოსნად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? კარგად მოექეცით იერუბაალსა და მის სახლს? მისი ღვაწლისდა მიხედვით მოექეცით?
17თქვენი გულისთვის იბრძოდა მამაჩემი, თავი არ დაუზოგავს, რომ ეხსენით მიდიანის ხელიდან.
18თქვენ კი უღალატეთ დღეს მამაჩემის სახლს, ერთ ქვაზე დაკალით მისი შვილები, სამოცდაათი კაცი, და შექემელთა მეფედ მისი ხარჭის შვილი აბიმელექი დასვით, რადგან ძმა არის თქვენი.
19თუ სწორად და პატიოსნად მოექეცით დღეს იერუბაალსა და მის სახლს, კურთხევა იყოს თქვენზე, გაიხარეთ აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით.
20არადა, ცეცხლი ამოვარდეს აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი: ცეცხლი ამოვარდეს შექემელებისაგან და მილოს სახლისგან და შთანთქას აბიმელექი!
21გაიქცა იოთამი, თავს უშველა, ჩავიდა ბეერში და იქ დასახლდა აბიმელექისაგან, თავისი ძმისაგან გახიზნული.
22სამი წელი იმეფა აბიმელექმა ისრაელზე.
23შუღლი ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელებს შორის და აღარ მორჩილებდნენ შექემელები აბიმელექს,
24რათა სამაგიერო მიზღოდათ იერუბაალის სამოცდაათი ძის გამო, მოჰკითხოდა მათი სისხლი აბიმელექსაც, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მისი ძმების დახოცვაში.
25მთების თხემებზე ჩაუსაფრეს მას შექემელებმა კაცები, რომლებიც ყველას ძარცვავდნენ, ვინც კი მათ სიახლოვეს გზად გაივლიდა. მოხსენდა ეს ამბავი აბიმელექს.
26მივიდა შექემში თავის ძმებთან ერთად გაალ ყებედის ძე, მოიარა შექემი და მიიმხრო შექემელები.
27გავიდნენ სანახებში, ყურძენი დაკრიფეს, დაწურეს და დღეობები გამართეს, დადიოდნენ თავიანთი ღმერთის სახლში, ჭამდნენ და სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.
28ასე ამბობდა გაალ ყებედის ძე: ვინ აბიმელექი და ვინ შექები? რატომ უნდა ვმორჩილებდეთ მას? განა იერუბაალის ძე არაა იგი და ზაბული მისი მოურავი არაა? ხამორის კაცებს დაემორჩილეთ, შექემის მამის შთამომავლებს, მაგას რატომ უნდა ვმორჩილებდეთ?
29ჩემს ხელში რომ იყოს ეს ხალხი, განვდევნიდი აბიმელექს. ვეტყოდი აბიმელექს: გაზარდე შენი ლაშქარი და გამოდი-მეთქი.
30ზებულმა, ქალაქის მოურავმა გაიგო გაალ ყებედის ძის ნალაპარაკევი და გაცეცხლდა.
31ფარულად გაგზავნა კაცები აბიმელექთან და შეუთვალა: აჰა, მოვიდა გაალ ყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და ქალაქს გიმხედრებს.
32ამაღამვე გამოდი შენც და შენთან მყოფი ხალხიც და სანახებში ჩასაფრდი.
33დილით, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შემოუტიე ქალაქს. როცა წამოვლენ შენზე თვითონ და მასთან მყოფი ხალხი, ის უყავ, რაც შენს ხელს ძალუძს.
34გამოვიდა ღამით აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი, ოთხი რაზმი ჩაასაფრა შექემის მახლობლად.
35გამოვიდა გაალ ყებედის ძე და ქალაქის კარიბჭესთან გაჩერდა. გამოვიდა საფრიდან აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი.
36დაინახა გაალმა ხალხი და უთხრა ზებულს: შეხედე, ხალხი ეშვება მთების თხემიდან. ზებულმა უთხრა: მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება.
37კვლავ უთხრა გაალმა: შეხედე, ხალხი ჩამოდის მაღლობიდან, ერთი რაზმიც მეონიმის მუხნარის მხრიდან მოდის.
38უთხრა მაშინ ზებულმა: რა პირით ამბობდი, ვინ არის აბიმელექი, რატომ უნდა ვმორჩილებდეთო მას? ეს ის ხალხია, შენ რომ არად აგდებდი. ახლა გადი და შეები.
39გაუძღვა გაალი შექემელებს და შეება აბიმელექს.
40დაედევნა აბიმელექი უკუქცეულ გაალს და მრავალი შექემელი დაეცა მოკლული ქალაქის კარიბჭემდე.
41აბიმელექი არუმში გაჩერდა, ზებულმა კი განდევნა შექემიდან გაალი და მისი ძმები, რომ აღარ ეცხოვრათ შექემში.
42მეორე დღეს სანახებში გამოვიდა ხალხი და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს.
43წამოიყვანა თავისი ლაშქარი, დაჰყო სამ რაზმად და სანახებში ჩაასაფრა. ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, თავს დაესხა და დახოცა.
44მიადგა აბიმელექი და მასთან მყოფი რაზმი ქალაქის კარიბჭეს და იქ შეჩერდა, ხოლო ორი რაზმი თავს ესხმოდა ყველას, ვინც სანახებში იყო, და ხოცავდა.
45მთელი დღე ებრძოდა აბიმელექი ქალაქს. აიღო, გაწყვიტა შიგ მყოფნი, დაანგრია ქალაქი და მარილი დათესა.
46შეიტყვეს ეს ამბავი შექემის მეციხოვნეებმა და ღმერთ ბერითის ტაძრის კოშკში შევიდნენ.
47მოხსენდა აბიმელექს, რომ ერთად შეგროვდნენ შექემის მეციხოვნენი.
48ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე, თვითონ და მასთან მყოფი მთელი ხალხი, აიღო ცული, ხის ტოტი მოჭრა, მხარზე გაიდო და უთხრა მასთან მყოფ ხალხს: ხომ ნახეთ, რა გავაკეთე, თქვენც სასწრაფოდ იგივე ჰქენით.
49მთელმა ხალხმა თითო ტოტი მოჭრა და გაჰყვა აბიმელექს. შემოუწყვეს ტოტები კოშკს, ცეცხლი წაუკიდეს და ამოწყდა შექემის მეციხოვნენი - ათასამდე კაცი და ქალი.
50მერე თებეზისკენ გაემართა აბიმელექი, ალყა შემოარტყა თებეზს და აიღო.
51შუა ქალაქში მაგარი გოდოლი იდგა, შიგ შეიხიზნა ქალაქის ყველა მკვიდრი კაცი თუ ქალი, შეიკეტნენ და გოდლის ბანზე გავიდნენ.
52მიიჭრა აბიმელექი გოდოლთან, ალყა შემოარტყა, მიადგა გოდლის კარიბჭეს, რომ ცეცხლი წეკიდებინა.
53მაშინ ერთმა ქალმა დოლაბის ნატეხი მოახვედრა თავში აბიმელექს და თავის ქალა ჩაუმტვრია.
54უმალვე თავისი საჭურველმტვირთველი იხმო აბიმელექმა და უთხრა: მახვილი ამოიღე და მომკალი, რომ არ თქვან ჩემზე, ქალის ხელით მოკვდაო.
55როცა დაინახეს ისრაელიანებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.
56ასე გადაუხადა ღმერთმა სამაგიერო აბიმელექს იმ ბოროტებისთვის, რომელიც მამამისის მიმართ ჩაიდინა, როცა თავისი სამოცდაათი ძმა დახოცა.
57ღმერთმა შექემელებზე მოაქცია ყველა მათი ბოროტება. ეწიათ იოთამ იერუბაალის ძის წყევლა.
Next