Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1უთხრეს მას ეფრემიანებმა: რას გვერჩოდი, რატომ ჩვენც არ გვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი? და მაგარი ჩხუბი აუტეხეს.
2გედეონმა მიუგო: მე რა გამიკეთებია თქვენი ფასი? ეფრემის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს?
3ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები ყორები და ზეები. მე სად შემეძლო გამეკეთებინა თქვენდენი? მაშინ კი მოუბრუნდათ გული მასზე, როცა ეს სიტყვები უთხრა.
4მიადგა გედეონი იორდანეს და გადალახა, მან და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა, დევნით დაღლილმა.
5უთხრა მან სუქოთელებს: დამიპურეთ ჩემთან მყოფი ხალხი, რადგან დაღლილი არიან. არადა, მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებასს და ცალმუნაყს.
6უთხრეს სუქოთის თავკაცებმა: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გყვანან, რომ ჯარი დაგიპუროთ?
7გედეონმა მიუგო: კეთილი. როცა ღმერთი ხელში ჩამაგდებინებს ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ნარეკლით დაგაფლეთთ ხორცს.
8იქიდან ფენუელში მივიდა და იქაურებსაც იგივე სთხოვა, მაგრამ მათაც ისევე გამოისტუმრეს, როგორც სუქოთელებმა.
9ფენუელებსაც იგივე უთხრა: როცა მშვიდობით დავბრუნდები, დავანგრევ ამ გოდოლს.
10ზებახი და ცალმუნაყი კარკორში იდგნენ თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტ ათასამდე კაცით, კედემიანთა ლაშქრიდან რაც გადარჩა, დაღუპვით კი ასოცი ათასი კაცი დაიღუპა, მახვილის შემბმელი.
11გედეონმა აღმოსავლეთიდან შემოუარა ნობახს და იოგბეჰას კარვებში მცხოვრებთა გზით და იმ დროს დაეცა ბანაკს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი.
12გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი. დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიცა და ცალმუნაყიც, ხოლო მათი ლაშქარი გაფანტა.
13გედეონ იოაშის ძე უკან გამობრუნდა ბრძოლის შემდეგ ქერესის ზეგნიდან.
14შეიპყრო ერთი ჭაბუკი სუქოთელი, გამოჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი თავკაცისა და უხუცესის სახელი.
15მივიდა სუქოთელებთან და უთხრა: აჰა, ზებახი და ცალმუნაყი! ამათ გამო იყო, რომ დამცინოდით და მეუბნებოდით: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გვყვანან, დაღლილი ხალხი რომ დაგიპუროთო?
16მოიყვანა ქალაქის უხუცესები, მოიტანა უდაბნოს ნარ-ეკალი და იმით დასაჯა სუქოთელები.
17ფანუელის გოდოლიც დაანგრია და დახოცა იმ ქალაქის მკვიდრნი.
18უთხრა ზებახს და ცალმუნაყს: რანაირები იყვნენ ისინი, თქვენ რომ ხალხი დახოცეთ თაბორში? მათ მიუგეს: შენნაირები იყვნენ, ყველანი მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით.
19გედეონმა უთხრა: ჩემი ძმები იყვნენ ისინი, ჩემი დედის შვილები. უფალს გეფიცებით, ისინი რომ ცოცხალი დაგეტოვებინათ, არც თქვენ დაგხოცავდით.
20უბრძანა იეთერს, თავის პირმშოს: ადექი და დახოცე ესენი! მაგრამ ბიჭმა ვერ გაბედა მახვილის ამოღება, რადგან ჯერ ყმაწვილი იყო.
21უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: ადექი და შენ თვითონ დაგვხოცე, რადგან სხვა არის ვაჟკაცის ღონე. ადგა გედეონი, დახოცა ზებახი და ცალმუნაყი და კისრიდან ჩამოხსნა ნახევარმთვარეები მათ აქლემებს.
22უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: იბატონე ჩვენზე შენც, შენმა შვილმაც და შენმა შვილთაშვილმაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანის ხელთაგან.
23გედეონმა უთხრა: მე ვერ ვიბატონებ თქვენზე და ვერც ჩემი შვილი იბატონებს თქვენზე, უფალმა იბატონოს თქვენზე!
24უთხრა მათ გედეონმა: ოღონდ ერთსა გთხოვთ, ყველამ თითო საყურე მომეცით თქვენი დავლიდან. რადგან ოქროს საყურეებს ატარებდნენ, რადგან ისმაელიანები იყვნენ.
25მათ უთხრეს: მოგცემთ. გაშალა წამოსასხამი და ყველამ თითო საყურე დააგდო ზედ თავისი დავლიდან.
26ათას შვიდას შეკელს იწონიდა გამოთხოვილი ოქროს საყურეები. მიდიანის მეფეებისათვის ართმეული ნახევარმთვარეები, ბალთები და ძოწეული, მათი აქლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ძეწკვები კიდევ სხვა იყო.
27ამათგან ეფოდი გააკეთა გედეონმა და თავის ქალაქში, ყოფრაში გამოფინა. უზნეობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლს.
28დაემორჩილა მიდიანი ისრაელიანებს, თავი აღარ წამოუწევია მას მერე და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლეში.
29წავიდა იერუბაალი, იოაშის ძე, და ცხოვრობდა თავის სახლში.
30სამოცდაათი ვაჟი ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ესვა.
31შექემელი ხარჭისგანაც შეეძინა ვაჟი და დაარქვა აბიმელექი.
32მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიმარხა მამამისის, იოაშის სამარხში, აბიყეზერის ყოფრაში.
33გედეონის სიკვდილის შემდეგ უზნეობდნენ ისრაელიანები ბაალის კვალზე და ღმერთად დაისახეს ბაალბერითი.
34აღარ გაიხსენეს ისრაელიანებმა უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშემო მტრის ხელიდან.
35არც იერუბაალ-გედეონის სახლს მიაგეს მადლი ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
Next