თავი - 7
Previous1ადგა დილით იერობაალი, იგივე გედეონი, აგრეთვე მასთან მყოფი მთელი ხალხი, და ქაროდის ხევში დაბანაკდა. მიდიანის ბანაკი მისგან ჩრდილოეთით იყო, მორეს ბორცვთან, ვაკეზე.
2უთხრა უფალმა გედეონს: ძალზე ბევრი ხალხი გვყავს. არ ჩავაგდებ ამათ ხელში მიდიანს, რომ არ გამიდიდგულდეს ისრაელი, არ თქვას, ჩემმა ხელმა მიხსნაო.
3ამიტომ გამოუცხადე ხალხს და უთხარი: ვინც შეშინებულია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს, წავიდეს გალაადის მთიდან. ოცდაორი ათასი კაცი უკან გაბრუნდა, ხოლო ათი ათასი დარჩა.
4უთხრა უფალმა გედეონს: მაინც ბევრია ხალხი. წყალზე ჩაიყვანე და იქ გამოგირჩევ მათ. ვისზეც გეტყვი, გამოგყვეს-მეთქი, ის გამოგყვეს, ვისზეც გეტყვი, ნუ გამოგყვება-მეთქი, ნუ გამოგყვება.
5ჩაიყვანა მან ხალხი წყალზე. უთხრა უფალმა გედეონს: ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ, ცალკე დააყენე, აგრეთვე ისინიც, ვინც ჩაიმუხლებს და ისე დალევს.
6ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი იყო, დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა და ისე დალია წყალი.
7უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით და ხელში ჩაგაგდებინებთ მიდიანს, დანარჩენი ხალხი შინ წავიდეს.
8გამოართვეს ხალხს საგზალი და ბუკები. ყველა ისრაელიანი თავ-თავის კარავში გაისტუმრა გედეონმა, მხოლოდ სამასი კაცი დაიტოვა. მიდიანის ბანაკი მის ქვემოთ იყო, ვაკეზე.
9უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: ადექი და დაეცი ბანაკს.
10თუ მარტო ჩასვლის გეშინია, მაშინ შენს მსახურ ფურასთან ერთად ჩადი ბანაკში.
11მოისმენ, რასაც იტყვიან, გული მოგეცემა, დაეცემი ბანაკს. ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურა იქ, სადაც ბანაკში მყოფი შეიარაღებული ხალხი იდგა.
12მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები ვაკეზე იყვნენ დაბანაკებულნი, კალიასავით ურიცხვნი. თვლა არ ჰქონდა მათ აქლემებს. იმდენი იყვნენ, როგორც ზღვაში ქვიშა.
13მივიდა გედეონი და, აჰა, ერთი მათგანი სიზმარს უყვება მეორეს და ამბობს: მესიზმრა, ვითომ ქერის პურის კოკორი დაგორავდა მიდიანის ბანაკში, კარავთან მიგორდა, დაეჯახა და დასცა, და დაემხო კარავი.
14მეორე გამოეპასუხა: ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა გედეონის მახვილი, იოაშის ძისა, ისრაელიანისა. მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი.
15როცა გედეონმა ეს სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა, თაყვანი სცა უფალს, აბრუნდა ისრაელიანთა ბანაკში და თქვა: ადექით, ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანის ბანაკი.
16დაჰყო სამასი კაცი სამ რაზმად. ხელთ ყველას ბუკები და ცარიელი დოქები მისცა, დოქებში ანთებული კვარები ჩააწყობინა.
17უთხრა: მიყურეთ და თქვენც იგივე აკეთეთ. აჰა, დავიძრები ბანაკისაკენ და რასაც მე ვიზამ, თქვენც იგივე ჰქენით.
18როცა ბუკებს დავკრავთ მე და ჩემთან მყოფნი, თქვენც ბუკებს დაჰკარით მთელი ბანაკის ირგვლივ და იყვირეთ. უფლისთვის და გედეონისთვის!
19მივიდა ბანაკთან გედეონი და მასთან მყოფი ასი კაცი, როცა შუა სახმილავი იწყებოდა და გუშაგები იცვლებოდნენ. ასტეხეს ბუკისცემა და დაამსხვრიეს დოქები, ხელში რომ ეჭირათ.
20ბუკსა ჰკრა სამივე რაზმმა და დაამსხვრია დოქები. მარცხენა ხელში კვარები ეჭირათ, მარჯვენაში - ბუკები. ახმიანებდნენ და გაჰყვიროდნენ: მახვილები უფლისთვის და გედეონისთვის!
21ყველა თავ-თავის ადგილას იდგა ბანაკის გარშემო. აიშალა მთელი ბანაკი, ღრიალებდნენ და აქეთ-იქით აწყდებოდნენ.
22ვიდრე სამასი კაცი ბუკებს სცემდა, უფალმა ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი მთელ ბანაკს. უკუიქცა ლაშქარი ბეთშიტამდე, ცერარის მხრისკენ, და აბელმექოლის საზღვრებამდე, ტაბათს იქით.
23გამოვიდნენ დაძახილზე ისრაელიანები ნაფთალიდან, აშერიდან, მთელი მენაშედან და დაედევნენ მიდიანს.
24კაცები დაგზავნა გედეონმა ეფრემის მთაში და შეუთვალა: ჩამოდით, წინ დაუხვდით მიდიანს, ბეთბარამდე გადაუჭერით ფონები და იორდანე. გამოვიდა მთელი ეფრემი მის დაძახილზე და ბეთბარამდე გადაუჭრეს ფონები და იორდანე.
25შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი, ყორები და ზეები. ყორები ყორების კლდეზე მოკლეს, ზეები ზეების ხევში და დაედევნენ მიდიანს. ყორებისა და ზეების თავები კი გედეონთან მოიტანეს იორდანეს გაღმიდან.
Next