თავი - 6
Previous1უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და უფალმა მიდიანის ხელში ამყოფა ისინი შვიდ წელიწადს.
2დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, იხიზნებოდნენ ისრაელიანები მიდიანისგან მთებში, გამოქვაბულებში და მიუვალ ადგილებში.
3როგორც კი მოამთავრებდა ისრაელი ხვნა-თესვას, მოვიდოდნენ მიდიანი, ყამალეკი, კედემიანები და მოედებოდნენ ისრაელს.
4ჩამოსახლდებოდნენ მათ მიწაზე, გააჩანაგებდნენ მთელ მოსავალს ღაზამდე, აღარაფერს უტოვებდნენ ისრაელს თავის სარჩენად, არც ცხვარს, არც ძროხას, არც სახედარს.
5მოდიოდნენ ჯოგებიან-კარვებიანად, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა აღარ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს. შეესეოდნენ და აჩანაგებდნენ ისრაელის ქვეყანას.
6მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს.
7და როცა შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს მიდიანის გამო,
8მოუვლინა უფალმა ისრაელიანებს წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან,
9დაგიხსენით ეგვიპტელის ხელთაგან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელთაგან, განვდევნე ისინი თქვენგან და მათი ქვეყანა თქვენ მოგეცით.
10თან გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. არ იწამოთ ღმერთები ამორეველებისა, ვის მიწაზეც ცხოვრობთ, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი.
11მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა აბიყეზრელი იოაშის ბელეკონქვეშ, ყოფრაში. მისი ვაჟი გედეონი საწნახელში ცეხვავდა ხორბალს, მიდიანისგან ფარულად.
12გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: უფალი შენთანაა, მაგარო ვაჟკაცო!
13უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ჩემო ბატონო, უფალი რომ ჩვენთან იყოს, ეს უბედურება რატომ დაგვემართებოდა. სადღაა მთელი მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ: უფალი იყო, ეგვიპტიდან რომ გამოგვიყვანაო. ახლა მიგვატოვა უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო.
14მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: წადი მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელთაგან. ხომ მე გაგზავნი!
15უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ბატონო, მე როგორ უნდა ვიხსნა ისრაელი! ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მენაშეში, მე კი მამაჩემის სახლში ყველაზე უმცროსი ვარ.
16უთხრა უფალმა: მე ვიქნები შენთან და ისე სძლევ მიდიანს, როგორც ერთ კაცს.
17უთხრა გედეონმა: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ნიშანი რამ მომეცი, რომ შენ მელაპარაკები.
18ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ვიდრე ძღვენს გამოვიტანდე და მოგართმევდე. უთხრა: შენს დაბრუნებამდე აქ მოვიცდი.
19წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები დაამზადა, ხორცი კალათაში ჩააწყო, წვენი ქოთანში ჩაასხა, მიიტანა ბელეკონქვეშ და მიართვა.
20უთხრა უფლის ანგელოზმა: აიღე ხორცი და ხმიადები, მანდ, ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი. ასეც მოიქცა.
21გაიშვირა უფლის ანგელოზმა კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა, და მისი წვერი ხორცსა და ხმიადებს შეახო, ავარდა ქვიდან ცეცხლი და შთანთქა ხორცი და ხმიადები. მერე თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
22მიხვდა გედეონი რომ ეს უფლის ანგელოზი იყო. თქვა გედეონმა: ვაი ჩემს თავს, უფალო, რადგან უფლის ანგელოზი პირისპირ ვიხილე!
23უფალმა უთხრა: მშვიდობა შენდა, ნუ გეშინია, არ მოკვდები.
24სამსხვერპლო აუგო იქ უფალს გედეონმა და უწოდა მშვიდობის უფალი. იგი დღემდე დგას აბიყეზრელის ყოფრაში.
25უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: წამოიყვანე მამაშენის ჯოგიდან მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი. დაანგრიე ბაალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, და მის გვერდით რომ აშერაა, აჩეხე.
26აუგე უფალს, შენს ღმერთს, რიგიანი სამსხვერპლო ამ კვრივის თავში. მერე აიღე და დაწვი მეორე მოზვერი აღსავლენ მსხვერპლად იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ.
27წამოიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უბრძანა, მაგრამ თავის შინაურთა და ქალაქის მკვიდრთა შიშით ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე და ღამით გააკეთა.
28აღდგნენ დილით ქალაქის მკვიდრნი და რას ხედავენ: ბაალის სამსხვერპლო დანგრეულია, გვერდით რომ აშერა იყო, აჩეხილია და აღსავლენი მოზვერი იწვის ახალაგებულ სამსხვერპლოზე.
29უთხრეს ერთმანეთს: ვინ ჩაიდინა ეს საქმე? მიმოდგნენ, გამოიკითხეს და თქვეს: გედეონს ჩაუდენია, იოაშის ძეს.
30უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: გამოგვიყვანე შენი ვაჟი, სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რადგან დაუნგრევია ბაალის სამსხვერპლო და გვერდით რომ აშერა იყო, აუჩეხავს.
31უთხრა იოაშმა ყველას, ვინც მას მიუხდა: რა თქვენი დასაცავია ბაალი, რა თქვენი საპატრონოა? მისი დამცველი ამ დილითვე სიკვდილით დაისჯება. თუ ღმერთია, თავად დაიცვას თავი, რადგან გედეონის დანგრეულია მისი სამსხვერპლო.
32უწოდეს იმ დღიდან იერობაალი, რადგან თქვეს: თავად გაუსწორდეს ბაალი თავისი სამსხვერპლოს დანგრევისთვის.
33შეიყარა იმჟამად მთელი მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები, გადმოლახეს მდინარე და იზრეყელის ველზე დაბანაკდნენ.
34უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ბუკსა ჰკრა და გამოვიდნენ აბიყეზერელები მის დაძახილზე.
35კაცები დაგზავნა მთელ მენაშეს ტომში და გამოვიდნენ ისინი მის დაძახილზე. კაცები გაუგზავნა აშერს, ზებულონსა და ნაფთალისაც და ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.
36უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი,
37მაშინ საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, ვირწმუნებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი.
38ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიან ადგა, გაწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
39უთხრა გედეონმა უფალს: ნუ შემრისხავ, მინდა ამ ერთხელ კიდევ მოგმართო და ამ ერთხელ კიდევ ვსინჯო საწმისი. მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.
40ასეც მოახდინა იმ ღამით ღმერთმა: მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო.
Next