Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1ასე იგალობა იმ დღეს დებორამ, და ბარაკმა, აბინოყამის ძემ:
2ორომტრიალი შეიქნა ისრაელში, ხალხი ემზადება საბრძოლველად, აკურთხეთ უფალი!
3ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს.
4როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ.
5მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თავად ეგ სინაიც კი, უფლის წინაშე, ისრაელის ღვთისა.
6შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს, დაცარიელდა შარაგზები, სწორზე ვეღარავინ ბედავდა სიარულს, შორიდან არჩევდნენ შემოვლას.
7სიცოცხლე ჩამკვდარიყო ისრაელის დაბა-სოფლებში, ჩამკვდარი იყო, ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, დედა ისრაელში.
8ახალი ღმერთები ირჩიეს, ამიტომაც ომია კარიბჭესთან. თუ უჩანს ფარ-შუბი ორმოცი ათასს ისრაელში?
9ისრაელის წინამძღოლებს ჩემი გული, ხალხში თავგამოდებულებს! აკურთხეთ უფალი!
10თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო, გზებზე ქვეითად დამავალნო, თქვით საგალობელი!
11იქ, სადაც დასარწყულებლად თავს უყრიან ნახირს, უფლის სიმართლეს იმღერებენ, ისრაელის წინამძღოლთა სიმართლეს! კარიბჭესთან მოზღვავდა მაშინ უფლის ერი!
12გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა! გაიღვიძე, გაიღვიძე, იმღერე საგალობელი! აღიძარ, ბარაკ! დაატყვევე შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!
13მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა ხალხი, უფალმა დამიმორჩილა ვაჟკაცები.
14ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში დამკვიდრებულნი; ბენიამინიც შენთანაა, შენს ხალხს შორის; მაქირიდან მოვიდნენ თავკაცები, ზებულონიდან - წინამძღოლთა კვერთხის მპყრობელები.
15ისაქარის მთავრებიც დებორასთან არიან; ბარაკის კვალდაკვალ მოიჭრა ველზე ისაქარიც. რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია.
16რას დამჯდარხარ ფარეხთა შორის და უსმენ ცხვრების ბღავილს? რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია.
17გალაადი იორდანეს გაღმა დავანებულა; რატომ შეყუჟულა დანი ხომალდებში? ზღვისპირას დამჯდარა აშერი და თავის სანახებთან დავანებულა.
18სიკვდილი არად მიაჩნია ზებულონის ხალხს. ტრამალის ბორცვებზე ნაფთალია.
19მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი თაყანახში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ მოიალაფეს.
20ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ ვარსკვლავები სისარას.
21კიშონის ხევმა წაიღო ისინი, ძველმა ხევმა, კიშონის ხევმა. გაემართე, სულო ჩემო, ძლიერებით!
22სრბოლისაგან იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები მაშინ, მისი ვაჟკაცების სრბოლისაგან.
23დაწყევლეთ მეროზი, ამბობს ანგელოზი უფლისა, დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად!
24კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი! კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს!
25წყალი მოსთხოვა და რძე მიართვა, სეფეთასით მიართვა მოუხდელი რძე.
26მარცხენა ხელით პალოს დასწვდა, მარჯვენით უროს. მოუქნია სისარას, თავში დაჰკრა, გაუპო, საფეთქელი შეულეწა.
27მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, ვეღარ ადგა; მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა; სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული.
28სარკმლიდან იყურება, კანკლედიდან გაჰკივის სისარას დედა: რატომ იგვიანებს მისი მხედრობა, რამ შეაფერხა მისი ეტლის თვლები?
29პასუხობენ გონიერი სეფექალები, თვითონვე ამბობს თავისივე სიტყვების პასუხად:
30ნადავლს იშოვნიდნენ და იყოფენ: თითო მხევალი, ორ-ორი მხევალი თითო მეომარს, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი სისარას, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორხოულად მოქსოვილი, ტყვის ტანზე შემოძარცული.
31ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ! და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი.
Next