თავი - 4
Previous1აჰუდის სიკვდილის შემდეგაც უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში.
2და უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი იაბინს, ქანაანის მეფეს, რომელიც ხაცორში მეფობდა და მხედართმთავრად ჰყავდა სისარა, რომელიც ხაროშეთ-გოიმში ცხოვრობდა.
3შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს, რადგან იაბინს ცხრაასი დარკინული ეტლი ჰქონდა და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელიანებს ოცი წელი.
4იმჟამად ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი დებორა, ლაპიდოთის ცოლი.
5დებორას ფინიკის ქვეშ ცხოვრობდა იგი, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაში, და მიდიოდნენ ისრაელიანები მასთან რჯულის საქმეზე.
6კაცები გაგზავნა და ნაფთალის კადეშიდან დაიბარა ბარაკი, აბინოყამის ძე და უთხრა ასე: გიბრძანებს უფალი, ისრაელის ღმერთი: ადექი და ადი თაბორის მთაზე, თან ათი ათასი კაცი წაიყვანე ნაფთალიანთაგან და ზებულონიანთაგან,
7ხოლო მე კიშონის ხევთან მოგგვრი იაბინის მხედართმთავარს სისარას თავისი ეტლებითა და ურიცხვი ლაშქრითურთ და ხელში ჩაგაგდებინებ.
8ბარაკმა უთხრა: თუ წამომყვები, წავალ, თუ არ წამომყვები, არ წავალ, რადგან არ ვიცი, რა დღეს მომივლენს უფალი თავის ანგელოზს.
9დებორამ უთხრა: წამოყოლით წამოგყვები, ოღონდ იცოდე, შენი აღარ იქნება დიდება ამ გზაზე, რომლითაც მიდიხარ, რადგან უფალი დიაცის ხელში ჩააგდებს სისარას. ადგა დებორა და წაჰყვა ბარაკს კადეშში.
10დაიბარა ბარაკმა კადეშში ზებულონი და ნაფთალი, წაიყვანა ათი ათასი კაცი და წაჰყვა დებორაც.
11ქებერ კენიელი ცალკე გამოჰყოფოდა კენიელებს, მოსეს მოყვრის ქობაბის შთამომავლებს, და ცაყანამის მუხნარში გაეშალა კარვები, კადეშის მახლობლად.
12შეატყობინეს სისარას, რომ ბარაკ აბინოყამის ძე თაბორის მთაზე იყო ასული.
13ხაროშეთ-გოიმიდან კიშონის ხევთან იხმო სისარამ მთელი თავისი ეტლიონი, ცხრაასი დარკინული ეტლი და მთელი ხალხი, რაც კი ჰყავდა.
14უთხრა დებორამ ბარაკს: გაემზადე, რადგან მოვიდა ის დღე, როცა უფალი ხელში ჩაგიგდებს სისარას. თვითონ გიწინამძღვრებს უფალი. ჩამოვიდა ბარაკი მთიდან და ჩამოჰყვა ათი ათასი კაცი.
15უფალმა დააფრთხობინა მახვილის პირით ბარაკის წინაშე სისარა, მთელი მისი ეტლიონი და მთელი მისი ლაშქარი. გადმოხტა სისარა ეტლიდან და ფეხით გაიქცა.
16ხაროშეთ-გოიმამდე სდია ბარაკმა მის ეტლიონსა და ლაშქარს. მახვილით გაიწყვიტა სისარას მთელი ლაშქარი, კაციშვილი არ გადარჩენილა.
17თვითონ სისარა ფეხით გაიქცა იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფეს იაბინსა და ხებერ კენიელის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა.
18გამოეგება იაყელი სისარას და უთხრა: მობრძანდი ბატონო, შემობრძანდი ჩემთან, შიში ნურაფრის გექნება. შეიყვანა კარავში და ხალქვეშ დამალა.
19უთხრა სისარამ: ცოტა წყალი მომიტანე და დამალევინე, რადგან მწყურია. გაუხსნა ქალმა რძით სავსე ტიკი, დაალევინა და ისევ წააფარა ხალი.
20უთხრა სისარამ: კარვის კართან დადექი, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არისო მანდ, მიუგე არა-თქო.
21იაყელმა, ხებერის ცოლმა აიღო კარვის პალო, ხელში ურო დაიკავა, ფეხაკრეფით მიეპარა სისარას და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწას დააჭედა. მას კი დაღლილ-დაქანცულს ჩასძინებოდა, და მოკვდა.
22აჰა, მოდის ბარაკი სისარას კვალზე. გაეგება იაყელი და უთხრა: შემობრძანდი, გიჩვენო ის კაცი, შენ რომ ეძებ. შევიდა და, აჰა, მკვდარი აგდია სისარა, პალო აქვს გარჭობილი საფეთქელში.
23იმ დღეს დაუმორჩილა ღმერთმა ისრაელიანებს იაბინი, ქანაანის მეფე. თანდათან დამძიმდა ისრაელიანთა ხელი იაბინზე, ქანაანის მეფეზე, ვიდრე სრულად არ დაღუპეს იაბინი, ქანაანის მეფე.
Next